ახალი ამბები

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის 39 მილიონი ლარია გამოყოფილი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის საფინანსო დეპარტამენტის უფროსის, ოთარ ბუსკივაძის ინფორმაციით, 28 მილიონი ლარი დაიხარჯება არჩევნების ჩატარების ღონისძიებზე, 1 მლნ ლარი მოხმარდება საოლქო და საუბნო-საარჩევნო კომისიების თანამშრომლების ტრენინგს, 2 მილიონ ლარზე მეტი გათვალისწინებულია კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტებისთვის სატელევიზიო რეკლამის განთავსებისთვის და 7 მილიონ ლარზე მეტი კი გამოყოფილია საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების დაფინანსებისთვის. 
”არჩევნებისთვის გამოყოფილი თანხა იყოფა ორ კატეგორიად – ერთი არის პირდაპირი ხარჯები, რომლებიც უშუალოდ უკავშირდება არჩევნების ღონისძიებებს და მასთან დაკავშირებული ღონისძიებების ანაზღაურებას – შრომის ანაზღაურებას, საქონლისა და მომსახურების შესყიდვას და ა.შ. მეორე არის არაპირდაპირი ხარჯები, რომლებიც კანონმდებლობით კვალიფიციური სუბიექტებისთვის არის განსაზღვრული. ჯამურ 39-მილიონიან ბიუჯეტში არის 4 საბიუჯეტო პროგრამული კოდი, კერძოდ: 1. არჩევნების ჩატარების ღონისძიებები, ანუ პირდაპირი ხარჯები, რომლებიც შეადგენს 28 მილიონ ლარს; 2. არჩევნებისთვის მოხელეთა მომზადება-გადამზადება, რომელიც მოიცავს საოლქო და საუბნო-საარჩევნო კომისიების ტრენინგების ხარჯებს. საუბარია დაახლოებით 50 ათასი ადამიანის ტრენინგზე. ამ ღონისძიებებისთვის გათვალისწინებულია 1 მილიონი ლარი; 3. არაპირდაპირი ხარჯები. ეს მოიცავს სატელევიზიო რეკლამის განთავსების ხარჯს კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტებისთვის. ამისთვის გათვალისწინებულია 2 240 000 ლარი. 4. საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა დაფინანსება, რომლისთვის განსაზღვრულია 7 600 000 ლარი”, – განაცხადა ოთარ ბუსკივაძემ.