ახალი ამბები

დღეიდან ღვინის საწარმოები დასეტყვილ ყურძენს ჩაიბარებენ

„სეტყვამ კახეთის რეგიონში მნიშვნელოვნად დააზიანა რამდენიმე სოფლის ვენახები. როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორის ღვინის საწარმოები მზად არიან, მევენახეებისგან მიიღონ და გადაამუშაონ სეტყვისგან დაზიანებული ყურძენი. დღეისთვის ჯამში 77 ღვინის საწარმო ჩართულია ყურძნის გადამუშავების პროცესში“, – აღნიშნა knews.ge-სთან საუბრისას გიორგი სამანიშვილმა.

მევენახეებს კი ამ ეტაპზე არ აქვთ ინფორმაცია, ღვინის რომელი ქარხნები ჩაიბარებენ სეტყვისგან დაზიანებულ ყურძენს.

,,არ მოგვისმენია დაზიანებული ყურძნის ჩაბარების შესახებ ინფორმაცია. უნდა დაიკროფოს ისეთი, როგორიც არის, თუ არადა გაფუჭდება და კდიევ უფრო მეტ ზარალს ვნახავთ”, – აცხადებენ knews.ge-სთან მევენახეები.

კახეთის რეგიონის იმ სოფლებში, სადაც წუხელ გვიან ღამით სეტყვამ და ქარმა ყურძენი დააზიანა, მოსავლის დაკრეფას, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში დაიწყებენ. როგორც knews.ge–ს თელავის მუნიციპალიტეტის

გამგებელმა ალექსანდრე შათირიშვილმა განუცხადა, სტიქიის შედეგად თელავის რაიონის სამ სოფელში 180 ჰექტარი ვენახი დაისეტყვა. შალაურში ზარალის ოდენობა 10–დან 80%–მდე მერყეობს, ნასამხრალსა და კურდღელაურში კი ვენახების 30% დაზიანდა. 

,,სოფლებში მევენახები ყურძნის დაკრეფის გადაწყვეტილებას მიიღებენ, რათა ზარალი თავიდან აიცილონ”, – განუცხადა knews.ge-ს ალექსანდრე შათირიშვილმა.

თელავის სოფლების გარდა, გუშინ საღამოს მოსულმა სეტყვამ სხვადასხვა ხარისხით დააზიანა ყვარლის რაიონის სოფელი მთისძირი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლები არეშფერანი, ვარდისუბანი, ბაისუბანი, ცოდნისკარი, გიორგეთი, ასევე, ქალაქ ახმეტის კუთვნილი ვენახები.