ახალი ამბები

თუშეთში ხანძარი ლოკალიზებულია

ლადო კახოიძის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად 25 ჰექტრამდე ტერიტორია დაიწვა. 

„ჩვენ შევძელით ცეცხლის ძირითადი კერების ლოკალიზება. ხმელი ხეები კვლავ ბოლავს და არის კვამლი, მაგრამ ცეცხლი აღარ გავრცელდება. ამჟამად აქტიურად მიმდინარეობს ხანძრის ქრობის სამუშაოები“, – განუცხადა knews.ge- ლადო კახოიძემ. 

ცეცხლის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება სოფელ ართანაში, კოხტას მთის ფერდობზე. როგორც knews.ge-ს ართანას ადმინისტრაციულ ერთეულში თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა, ბესიკ გაიპარაშვილმა განუცხადა, ცეცხლი უკიდია ხმელ ხეებს და არ არის გამორიცხული, რომ ხანძარი უფრო დიდ ტერიტორიაზე გავრცელდეს. არსებული ინფორმაციით, დამწვარია დაახლოებით 70 ჰექტარი ტყის მასივი. 
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის ტყეში კი მიმდინარეობს ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოები.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველები ბაწკინტელას ქედზე ნახანძრალი ნიადაგის პრევენციულ დამუშავებას აგრძელებენ. უწყების ცნობით, აღნიშნულ ტერიტორიაზე არ დაფიქსირებულა ხანძრის არც ერთი ახალი კერა. 

სოფელ ართანას, ხახაბოსა და შილდის ტყეებში ხანძარი 2 სექტემბერს გაჩნდა. არსებული ინფორმაციით, ცეცხლის გაჩენა სამივე ადგილას, სავარაუდოდ, მეხის ჩამოვარდნამ გამოიწვია. ტყეებში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით კახეთში შეიქმნა საგანგებო შტაბი, რომელსაც გუბერნატორი, ირაკლი ქადაგიშვილი ხელმძღვანელობს. სამი დღის განმავლობაში, კახეთში, 100 ჰექტრამდე ტყის მასივი დაიწვა.