ახალი ამბები

ქართველი მეწარმეები გერმანიაში უფასო სასწავლო კურსებს გაივლიან

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, გაიარონ სასწავლო კურსი, ესტუმრონ გერმანულ კომპანიებს და ამავდროულად ჩანიშნონ ინდივიდუალური („B2B“) შეხვედრები ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებთან.
”სასწავლო კურსის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს საერთაშორისო ვაჭრობის შესაძლებლობების განვითარება მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, რომელიც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების კონტექსტში. ეს თავის მხრივ მოიცავს შეთანხმებას ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCTFA) შესახებ. აღნიშნული კურსი კარგ შესაძლებლობას აძლევს ადგილობრივ მეწარმეებს, წარმოებული პროდუქტი ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე გაიტანონ ევროკავშირის 500 მილიონიან ბაზარზე. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ, მიიღონ მცირე და საშუალო საწარმოების საშუალო ან მაღალი დონის მენეჯერებმა, რომელთაც აქვთ მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ორ წლიანი გამოცდილება, უმაღლესი განათლება ეკონომიკური, სავაჭრო, ტექნოლოგიური, მენეჯერული ან სხვა მსგავსი სპეციალობით და კარგად ფლობენ ინგლისურ ენას. კომპანია, ასევე, 2-3 წლის განმავლობაში წარმოდგენილი უნდა იყოს ადგილობრივ ან/და საერთაშორისო ბაზარზე. პროგრამაში მონაწილეობასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს ტრანსპორტირების გარდა, (ფრენა და აეროპორტიდან გადაადგილება დანიშნულების ადგილზე) ფარავს გერმანული მხარე. პროგრამაში მონაწილეების რაოდენობა კი შეზღუდულია”, – განაცხადეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში.
უწყების ცნობით, პროგრამა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში 20-30 დღის განმავლობაში გაგრძელდება. 
მონაწილეობის მსურველები უნდა დაუკავშირდნენ სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” მომსახურების ცენტრის ნომერზე: +995 32 2 96 00 10.