ახალი ამბები

ნაცმოძრაობამ კახეთის მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატები წარადგინა

პარტიის მხარდამჭერებს კანდიდატები “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებმა წარუდგინეს. 
თელავის მუნიციპალიტეტის მერობისთვის გიორგი ბოტკოველი იბრძოლებს, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი და კახეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელია. 
გურჯაანის მუნიციპალიტეტში მერის თანამდებობის დაკავებას შეეცდება ნიკა ნიჟარაძე, რომელიც გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეა. 
ყვარლის მერის პოსტზე კენჭს იყრის ბესიკ იაშვილი.
„ნაციონალური მოძრაობიდან“ ახმეტის მერობის კანდიდატი იქნება პარტიის ახმეტის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი შაქრო ტერტერაშვილი. 
ლაგოდეხის მერობისთვის იბრძოლებს თორნიკე მაჭარაშვილი, რომელიც ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ააიპ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი იყო.
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატად ლევან ბაღაშვილი წარადგინეს, რომელიც პარტიის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელია. 
სიღნაღში კენჭს იყრის ნონა მოდებაძე–გელაშვილი, რომელიც „ნაციონალური მოძრაობიდან“ კახეთის მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატებს შორის ერთადერთი ქალია.
საგარეჯოში მერობის კანდიდატი გარსევან ბუხნიკაშვილია, რომელიც მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი და პარტიის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეა. 
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2017 წლის 21 ოქტომბერს გაიმართება. შესაბამის აქტს საქართველოს პრეზიდენტმა ხელი უკვე მოაწერა.
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში განხორციელებული ცვლილებების მიხედვით მუნიციპალიტეტებში გამგებლის თანამდებობა გაუქმდა. მოსახლეობა ყველა თვითმმართველ ერთეულში მერებს აირჩევს.