სტატიები

ვაზისუბანში წარმოებული ბიო ღვინო მსოფლიოს ოთხ ქვეყანაში იყიდება

მეღვინე ირწმუნება, რომ ვენახში შეაქვს მხოლოდ ბიო სასუქი, სხვადასხვა სახის ქიმიურ პრეპარატს და ღვინის დუღილის დროს საფუარს არ იყენებს. 
„ამჟამად ვაწარმოებთ ქვევრში დაყენებულ და კლასიკურ რქაწითელს, საფერავს, კაბერნე სოვინიონს. ჩვენი პროდუქცია უნიკალურია, რადგან ის გამოირჩევა სწორედ ორგანული ღვინოებისთვის დამახასიათებელი ტიპურობით. ვენახის მოვლის დროს 2010 წლიდან მოყოლებული, მხოლოდ ბიო სასუქს, ნაკელსა და ორგანიკას ვიყენებთ. ვენახი არ ირწყვება, არ შედის ტრაქტორი, იხვნება ცხენის გუთნით და იწამლება ზურგის აპარატით. ვენახს ვწამლავთ მხოლოდ კონტაქტური ბიო პრეპარატებით. გარდა ამისა, ღვინო არ იფილტრება“, – განუცხადა knews.ge-ს მერაბ მირცხულავამ. 
მერაბმა ქვევრში ღვინის დაყენება 24 წლის წინ დაიწყო. 1997 წელს კი სოფელ ვაზისუბანში მეგობრებთან ერთად განაახლა ძველი მარანი, რომელიც 6 წლის წინ დააარსა. 2010 წელს კი მიწის ნაკვეთი შეიძინა, სადაც რქაწითელის, კახური მწვანესა და საფერავის ჯიშის ყურძენი გააშენა. 
„ჩემი მეგობრები ხშირად მირჩევდნენ, რომ საკუთარი მარანი და ღვინის მცირე საწარმო დამეარსებინა. 2010 წელს ალაფინში (ადგილია სოფ. ვაზისუბანში, ადგილწარმოშობის ორი განთქმული ზონის, “ვაზისუბნისა” და “მუკუზნის” კვეთაში) მეგობრებმა შევიძინეთ პატარა ვენახები და გადავწყვიტეთ დაგვეწყო ორგანული მევენახეობა-მეღვინეობა. 2011 წელს კი მარანი დავაარსეთ. პირველი მოსავალი ჩვენს ქვევრებში დავაყენეთ. 2011 წელს კი შევქმენით შ.პ.ს. “ალაფიანი”. ვაზისუბანში გაშენებული გვაქვს რქაწითელი, კახური მწვანე, საფერავი, რამდენიმე ძირი ვარდისფერი რქაწითელი, რომლის 150-მდე ნერგი დავამატეთ 2015 წელს“, – აღნიშნავს მერაბ მირცხულავა. 
მისივე ინფორმაციით, ღვინო ექსპორტზე აშშ-ში, იაპონიაში, უკრაინაში და რუსეთში გადის. პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზეც იყიდება. 
„ჩვენი პროდუქცია მალევე გამოჩნდა ბაზარზე. ჩვენი ღვინო იყიდება ღვინის ბარებსა და მაღაზიებში – “ღვინო ანდერგრაუნდში”, “ჯი ვინოში” “ვინომანიაში” და ა.შ. უკვე ორი წელია ჩვენი ღვინოები უცხოეთის ბაზარზეც – იაპონიაში, აშშ-ში, უკრაინასა და რუსეთშიც გავიდა“, – აღნიშნავს ბიზნესმენი. 
მეღვინე ბიზნესსაქმიანობის წარმართვის დროს სხვადასხვა სახის სირთულეზეც საუბრობს. მერაბ მირცხულავა მიუთითებს, რომ ყველა პრობლემის მოგვარებაში მევენახეებს სახელმწიფო უნდა დაეხმაროს. 
„მევენახეობა-მეღვინეობა ჩვენი ქვეყნისთვის პრიორიტეტულ დარგებს უნდა წარმოადგენდეს და ყველა სირთულის დაძლევაში მევენახეებსა და მეწარმეებს სახელმწიფო უნდა დაეხმაროს. საჭიროა მოქნილი სტრატეგია. ღვინის კულტურას უძველესი ფესვები უდგას ქართულ ცნობიერებაში, თუმცა გასული საუკუნის განმავლობაში ეს გამოცდილება თითქმის დავიწყებას მიეცა. საბჭოთა კავშირის მმართველობის დროს ქართული ღვინის ხარისხი დაეცა, იმიჯი შეილახა, თვით ქართველებმაც კი დაივიწყეს ღვინის სწორად მოხმარების კულტურა“ ,- ამბობს მირცხულავა. 
ბიზნესმენი მიიჩნევს, რომ მეღვინეობის დარგის განვითარების მიზნით ყურადღება უნდა გამახვილდეს უძველესი ქართული ჯიშების მოშენებაზე. ის დამწყებ მეღვინეებს რჩევასაც აძლევს. 
მეღვინეობის დარგი რომ განვითარდეს, ძალიან მნიშვნელოვანია უძველესი ქართული ჯიშების მოშენება და მათგან უნიკალური, საუკეთესო თვისებების მქონე ნატურალური ღვინოების დაყენება. ამ მიმართულებით უნდა იმუშავონ როგორც დამწყებმა, ისე გამოცდილმა მეღვინეებმა კარგი იქნება ექსპერიმენტებიც ჩაატარონ. ყველაზე “უბრალოდ” დაყენებული გლეხური ღვინოც პოეზიაა, და თუ მას ხელოვნების სიმაღლემდე ავიყვანთ, შედევრი გამოვა. დამწყებები მეღვინეებს მივმართავ შარლ დე გოლის სიტყვებით – “იარე რთული გზით, ამ გზაზე შენ კონკურენტი არ გეყოლება”, – აცხადენს მერაბ მირცხულავა. 
მეღვინე სამომავლოდ ბიზნესსაქმიანობის გაფართოებას და კახური მცვივანის, ქისის, ხიხვის, ჟღიას, წითელი ბუდეშურისა და ვაზისუბნის წითელი ჯიშის ყურძნის გაშენებას გეგმავს.