ახალი ამბები

სამშენებლო კომპანია White Group-ის ბრალდებებს ახმეტის გამგებელი გამოეხმაურა

ბექა ბაიდაურის მტკიცებით, 2015 წელს კომპანიის წარმომადგენლები სოფელ ხორბალოს მიმდებარე ტერიტორიაზე 80 ჰექტარი მიწის გადაცემას სიმბოლურ ფასად ითხოვდნენ. გამგებლის განმარტებით, კომპანიის არ წარმოუდგენიათ კონკრეტული პროექტი, რა რაოდენობის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავდა. 
,,2015 წელს ჩემთან მოვიდა 2 პირი, რომლებმაც მითხრეს, რომ უნდოდათ სასტუმროს კომპლექსის, თვითმფრინავის დასაფრენი ბილიკის, ვენახის, მარნის და სხვა ინფრასტრუქტურის მოწყობა. მე ეს იდეა ძალიან მომეწონა. მათ მითხრეს, რომ სჭირდებოდათ 80 ჰექტარი მიწის ფართობი სიმბოლურ ფასად. ეს ყველაფერი იყო იდეის დონეზე და ჩემთვის ნაკლებად დასაჯერებელი იყო, სანამ პროექტს არ წარმოადგენდნენ. ვუთხარი მიემართათ ეკონომიკის სამინისტროსთვის და მას მოეთხოვა მიწების პრივატიზება, რასაც თან დაერთვებოდა რა იგეგმებოდა ამ მიწაზე და რა ინვესტიცია ჩაიდებოდა. ამის შემდეგ 1 წელი გავიდა, როდესაც ეკონომიკის სამინისტროდან მოვიდა წერილი, რომელშიც ეწერა, რომ ინვესტორი ბახტრიონის ტერიტორიაზე 150 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებდა. იმ ტერიტორიაზე არის გაშენებული კაკლის პლანტაციები, რომელიც ძალიან ძვირია. ის თანხა არის მინიმალური, რაც მითითებული იყო და ამიტომ თავი შევიკავე. მივწერე საპასუხო წერილი, რომ ხელახლა გაიმართოს შეხვედრა და ინვესტორმა წარმოადგინოს კონკრეტული პროექტი, რის გაკეთებას აპირებს და რა რაოდენობის ინვესტიციას ახორციელებს’’, – განუცხადა Knews.ge–ს ბექა ბაიდაურმა.
პროექტის განმახორციელებელი სამშენებლო კომპანიის White Group-ის დირექტორის, გიორგი გონჯილაშვილის ინფორმაციით, ახმეტაში მრავალმილიონიანი პროექტის განხორციელებაზე, რომლის ფარგლებშიც სასტუმრო კომპლექსი „ბახტრიონი რიზორთი” უნდა აშენებულიყო, გამგეობის მხრიდან შექმნილი პრობლემების გამო 2015 წლის ოქტომბრიდან შეჩერებულია. შექმნილი გაუგებრობების გამო ბოლო პერიოდში პროექტზე უკვე ინვესტორების სამმა ჯგუფმა, მათ შორის ფრანგულმა „აკორი ჯგუფმა”, თქვა უარი.
მისივე თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე სასტუმროს შენობების აშენებასთან ერთად, დიდი და პატარა საცურაო აუზების მშენებლობა, ვენახის, ხეხილის ბაღებისა და თხილის პლანტაციების გაშენება, მარნის, სადეგუსტაციო დარბაზისა და ღვინის მინი ქარხნის მშენებლობა, საჯინიბოსა და სხვა ინფრაქტრუქტურის მოწყობა იგეგმება.