ახალი ამბები

თელავში ნაპოვნი შვლის გადარჩენა ვერ მოხერხდა

როგორც knews.ge-ს გარემოსდაცვით ზედამხედველობის დეპარტამენტში განუცხადეს, შვლის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო. უწყების ინფორმაციით, მას მოტეხილ კიდურებზე განგრენა განუვითარდა. 
,,შველი, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებისა და ვეტერინარების მეთვალყურეობის ქვეშ, სოფელ მაღრაანში იმყოფებოდა და ყველა საჭირო პროცედურა ადგილზე უტარდებოდა. მისი გადაყვანა, ვეტერინართა კონსულტაციით, ტრანსპორტირებით გამოწვეული მაღალი რისკის გამო, მიზანშეწონილი არ იყო”, – განუცხადეს knews.ge-ს გარემოსდაცვით ზედამხედველობის დეპარტამენში.
შეგახსენებთ, რომ შეტყობინება თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლალისყურთან შემჩნეული დაზიანებული შვლის თაობაზე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე გუშინ შევიდა.
შველს, რომელიც საავტომობილო მაგისტრალის მიმდებარედ იმყოფებოდა, სამი კიდურის ღია მოტეხილობა აღენიშნებოდა. დაზიანებები ცხოველმა, სავარაუდოდ, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიიღო.