სტატიები

ბაკურციხეში აგროტურისტული კომპლექსი ,,მაროშენი“ გაიხსნა

კომლექსის ტერიტორიაზე განთავსებულია დავით და ალესანდრე სარაჯიშვილების სახლ-მუზეუმი, სასტუმრო “მაროშენი”, რესტორანი, ბარი, სადღესასწაულო და საკონფერენციო სივრცე, მარანი და ტრადციული მეთოდით მოწყობილი, ბუნებრივი მაცივარი. 
სასტუმროს მენეჯერის, მერაბ ივარადავას ინფორმაციით, ისინი ტურისტული კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე ფლობენ 5 ჰექტრამდე ვენახსაც, რომელშიც სხვადასხვა ქართული ჯიშის ვაზია გაშენებული.
მისი თქმით, ერთი თვეა რაც მუშაობა დაიწყეს, თუმცა ტურისტების სიმცირეს არ უჩივიან და ვიზიტორების დაინტერესებას სასტუმროს ადგილმდებარეობა, ხედები და კარგი მომსახურება იწვევს.
,,სასტუმრო ,,მაროშენი“ 2017 წლის 5 ივლისს გაიხსნა. ტერიტორია არის 18 ჰექტარი, აქ განთავსებულია დავით და ალექსანდრე სარაჯიშვილების სახლ–მუზეუმი, რომლის რეკონსტრუქციის ფარგლებშიც აშენდა სასტუმრო. ამ ეტაპზე გვაქვს 12 ნომერი, ასევე, რესტორანი, ბარი, მარანი და ღვინის ბუნებრივი მაცივარი. ახლა ვაკეთებთ დარბაზს სპორტული აქტოვობებისთვის და საცურაო აუზს. აქ მოსულ სტუმარს მომსახურების ფართო არჩევანს ვთავაზობთ: ღვინის დეგუსტაციას, კულინარიული მასტერკლასებს, კონფერენციებს, სადღესასწაულო ღონისძიებების ორგანიზებას და სხვა’’, – განუცხადა knews.ge-ს მერაბ ივარდავამ.
ივარდავა ამბობს, რომ კომპლექსი ძირითადად უცხოელ ტურისტებზეა გათვლილი. უცხოელების განსაკუთრებით მუზეუმითა და იქ არსებული სარაჯიშვილების დროინდელი ისტორიული მარნით ინტერესდებიან. 
,,ძირითადად უცხოელ ტურისტებზე ვმუშაობთ. გვაქვს ინტერნეტით საერთაშორისო დაჯავშნის სისტემა, რაც უცხოელ ტურისტებს აქ ჩამოსვლას უადვილებს. ამ ეტაპზე ტურისტები ძირითადად გვყავს აზიიდან, ჩინეთიდან, ინდოეთიდან, კორეიდან და სხვა ქვეყნებიდან. გვაქვს სარაჯიშვილების დროინდელი მარანი, სადაც განთავსებულია ქვევრები. ეს უცხოელების დიდ დაინტერესებას იწვევს. სახელი ,,მაროშენი“ კი ისტორიულია. ალექსანდრე სარაჯიშვილს არ ჰყავდა შვილი და იშვილა მარო ჩოლოყაშვილი. როდესაც აქ ვენახი გააშენა, მაშინ დაარქვა მის საპატივსაცემოდ სახელი ,,მაროშენი’’. ჩვენ ვენახი აღვადგინეთ და მისი სახელი დავარქვით’’, – აღნიშნავს ივარადავა.
აგროტურისტულ ცენტრში ძირითადად ადგილობრივები არიან დასაქმებულები. მერაბ ივარდავას სოფელში მსგავსი ტურისტული ობიექტების არსებობის აუცილებლობაზე საუბრობს, რაც, მისი აზრით, ხელს უწყობს სამუშაო ადგილების შექმნას და სოფლის გაძლიერებას. 
,,ჩვენს ტერიტორიას ესაზღვრება ბაკურციხის ყოფილი ტექნიკუმის შენობა და ვგეგმავთ, რომ ეს გადავაკეთოთ სასტუმროდ, რომელიც იქნება ბევრად უფრო მასშტაბური პროექტი და გვექნება 50 ნომრის დამატების საშუალება. ახალ ტერიტორიაზეც მომსახურების ყველანაირი სერვისი გვექნება. მნიშვნელოვანია მსგავსი ბიზნესის არსებობა სოფლებში, ეს ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების შექმნას. ჩვენთან ძირითადად ადგილობრივები არიან დასაქმებულები. შესაბამისად სასტუმროს გაფართოვების შემდეგ მათი რიცხვიც გაიზრდება,’’– განაცხადა მერაბ ივარდავამ.
ივარდავა ამბობს, რომ სამომავლოდ სასტუმროს გაფართოვებას გეგმავენ. მისი თქმით, სასტუმროს ტერიტორიაზე ბიბლიოთეკა და კინოთეატრი გაიხსნება.