ვიდეორეპორტაჟი

1. გოჭების მარათონი – მეორე გადაცემა

როგორც წინა გადაცემიდან შეიტყვეთ, ჩვენ გიყვებით ისტორიას ორი გოჭის შესახებ, რომლებიც ტრადიციული და ახალი ტექნოლოგიებით ორ სხვადასხვა ოჯახურ ფერმაში იზრდებიან. მეორე გადაცემაში ვისაუბრებთ გოჭებისათვის საკვების შერჩევის მეთოდებზე. ფერმერები მოგვიყვებიან იმის შესახებ, თუ როგორ მოუარეს ცხოველებს 2 კვირის განმავლობაში, რამდენად ძნელი იყო ღორებისთვის საკვები რაციონისა და სადგომის შერჩევა. 

ორივე ოჯახურ ფერმაში გოჭების მოვლას დილით, სადგომის დასუფთავებით იწყებენ. ფერმერი ქალი ნათელა მამუჩარაშვილი გოჭების მოვლის საკითხებზე საუბრობს და გვიმხელს, თუ როგორია მისი გეგმები ღორების გაზრდასთან დაკავშირებით. ის, აგრეთვე, დაწვრილებით გვიამბობს პირველი შთაბეჭდილებების შესახებ, რაც 2 კვირის განმავლობაში დაუგროვდა.
,,სადგომის დასუფთავების შემდეგ, გოჭებს ვუცვლი წყალს და ვუყრი საკვებს. დღის განმავლობაში სადგომს ცივი წყლით რამდენჯერმე ვაგრილებთ, ძალიან ბევრი ყურადღება სჭირდებათ. საკვებს ვაძლევთ წონის მიხედვით. ამ პერიოდში, რაც ჩვენთან არიან გოჭები, საკმაოდ კარგი მატება აქვთ წონაში. ვეტერინარი აქტიურად არის ჩართული პროცესში და საჭირო რჩევებს გვაძლევს. გოჭები 8 კვირაა რაც იზრდებიან. ცოცხალი წონა უნდა იყოს 20.8 გრამი, მაგრამ ვფიქრობ, მეტია. ერთ სულზე თითო გოჭმა უნდა მიიღოს კვირაში 6.5 კილოგრამი საკვები. მზა საკვების შედეგით ამ ეტაპზე, კმაყოფილი ვარ. ვნახავთ, რა შედეგს მივიღებთ და შემდეგ ალბათ გადავალთ კვების ამ მეთოდზე“, – აღნიშნავს ნათელა მამუჩარაშვილი.

ზვიად ჩოლოყაშვილი გოჭებს ტრადიციული, ანუ მამა-პაპური მეთოდის გამოყენებით ზრდის. ფერმერი ცხოველებს დღეში სამჯერ აჭმევს და დარწმუნებულია, რომ ორივე მათგანის ხორცი პრემიქსით გაზრდილი გოჭების ხორცზე გემური თვისებებით გაცილებით უკეთესი იქნება. ფერმერის მტკიცებით, გემური თვისებების გარდა, ტრადიციული მეთოდით გოჭების გაზრდა ეკონომიკურადაც მომგებიანია.
,,დილით გოჭებს ვუყრი 1 კილოგრამამდე სიმინდის ფქვილს. შუადღეს, ბოსტანში მაქვს ფხალი და იონჯა, რომელსაც ვუყრი გოჭებს. ყოველ დღე ახალ საკვებს ვაჭმევ, ახლად მოკრეფილს. შემდეგ საღამოს საათებში, ხელმეორეთ ვაჭმევ 1 კილოგრამადე სიმინდის ფქვილს. 2 კვირაა, რაც ჩემთან არიან გოჭები, რომლებიც თავიდან 13 კილოგრამს იწონიდნენ, თუმცა ამ ხნის განმავლობაში 7 კილოგრამზე მეტი მოიმატეს. სიმინდი და ნატურალური ბალახი მოქმედებს კარგად. დარწმუნებული ვარ, რომ ამ გოჭების ხორცი გაცილებით გემრიელი იქნება, ვიდრე პრემიქსებით გაზრდილი ღორის ხორცი. გოჭების წონის მიხედვით განისაზღვრება საკვებიც, ისინი თავად ადგენენ საკვების ნორმას. როდესაც გოჭს საკვები არ ყოფნის, ვუმატებთ. ჩემი დანახარჯიც ნაკლებია“, – აღნიშნავს ჩოლოყაშვილი.

ღორები კომპანია „ინვეტის“ ექიმი-ვეტერინარის მეთვალყურეობის ქვეშ იზრდებიან. მარათონში ჩაბმული ოჯახების წევრები გოჭებს მის მიერ სპეციალურად შედგენილი კვების გრაფიკის მიხედვით კვებავენ. ექიმი ვეტერინარი სოსო გურგენიძე, რომელიც ორივე ოჯახში ცხოველების გამოზრდის პროცესს აკვირდება და შესაბამის დახმარებას უწევს, ამბობს, რომ ბოლო 2 კვირის მანძილზე ოჯახურ მეურნეობებში ჩართულმა გოჭებმა წონაში მოიმატეს, რაც კარგ შედეგებზე მიუთითებს.
,,გვაქვს მატება წონის თვალისაზრისით. საკვებმა მოგვცა იმის შედეგი, რომ გოჭები ორი კვირის წინანდელთან შედარებით 7 კილოგრამით მეტს იწონიან. თითოეულ დღე–ღამეში ვაჭმევთ 650 გრამს. საკვებს უზრუნველყოფს კომპანია ინვეტი. 5 თვის შემდეგ ნორმირებული კვება საშუალებას მოგვცემს დავიანგარიშოთ საკვების დანახარჯი. ჩვენი გოჭები არიან უკვე 2 თვის ასაკის, შესაბამისად უწევდათ ანტიპარაზიტულ დაავადებაზე დამუშავება“, – ამბობს სოსო გურგენიძე. 

გადაცემა “გოჭების მარათონი“ გრძელდება. მომავალ გადაცემაში ვისაუბრებთ ღორების გაზრდის რისკებების შესახებ, როგორ უნდა მოუაროს ფერმერმა გოჭებს, რათა მომავალში მათი ხორცი ეკოლოგიურად სუფთა იყოს.

პროექტ MOLI-ის მხარდაჭერითა და მედია კომპანია „კახეთის ხმის“ ავტორობით დაიწყო ახალი პროექტი ,,გოჭების მარათონი“, რომელიც 6 თვეს მოიცავს. პროექტის ფარგლებში დააკვირდებიან გოჭებს, რომლებიც იზრდებიან ტრადიციული და თანამედროვე მეთოდებით. პროექტის სპონსორია კომპანია „ინვეტი“, ხოლო მხარდამჭერი MOLI კახეთში.

 

ნათელა მამუჩარაშვილი, ფერმერი

ზვიად ჩოლოყაშვილი, ფერმერი

 

გადაცემაზე მუშაობდნენ: 

იდეის ავტორი: ალექსანდრე ღოღობერიძე
ავტორები: ნატალია ცისკარაშვილი, ვასილ ბაბუაშვილი
AgroTVსაავტორო უფლებები დაცულია (C)

 

გადაცემის მხარდამჭერია პროექტი „MOLI კახეთში“, რომელსაც ახორციელებს შვეიცარული არასამთავრობო ორგანიზაცია „HEKS/EPER – ის ოფისი სამხრეთ კავკასიაში“, შვეიცარიის მთავრობის დაფინანსებით.

The program is facilitated by MOLI in Kakheti project implemented by HEKS/EPER office in South Caucasus, funded by the Swiss Government.