ახალი ამბები

შვეიცარია საქართველოში თხილის სექტორში პროექტების განხორციელებას გეგმავს

კომპანიის წარმომადგენლები კმაყოფილები არიან ქართული თხილის ხარისხით და კონტროლის სტანდარტებით და მიიჩნევენ, რომ საქართველოსთან უკვე არსებული თანამშრომლობის გაღრმავება მათ ინტერესში შედის. შვეიცარიის მხარე საქართველოში თხილის სექტორში მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას გეგმავს.

სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, დარგის განვითარებისთვის შექმნილია თხილის ტექნიკური რეგლამენტი, დანერგილია საერთაშორისო რეგულაციები და კონტროლის სისტემა. 

„ქართული თხილი ძალიან დიდი პოტენციალის მატარებელია. აგროსასურსათო სექტორში ის ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს. თხილის ინდუსტრია ვითარდება და რა თქმა უნდა, გამოწვევები და სირთულეებიც არის. სირთულეები დაკავშირებულია ფიტოსანიტარულ რისკებთან, კლიმატთან, მავნებელ აზიურ ფაროსანასთან, რაც მნიშვნელოვანი პრობლემაა ყველა ძირითადი თხილის მწარმოებელი ქვეყნისთვის – თურქეთისთვის, იტალიისთვის და სხვა. ეს არის მავნებელი, რომელსაც ვერ უმკლავდება ბევრი მოწინავე ქვეყანა. საქართველომ ძალიან სწრაფად შეიმუშავა სახელმწიფო პროგრამა და 50 ჰექტარზე მეტი ფართობი დამუშავდა ქიმიურად. კონტროლში მოექცა მავნებელი და არა მხოლოდ წლევანდელი თხილის მოსავალი გადარჩა, არამედ მოგვცა საშუალება ფაროსანას გავრცელება შეგვეჩერებინა“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა. 

როგორც knews.ge-ს სოფლის მეურნეობის სამინისტროში განუცხადეს, თხილის ინდუსტრიის კუთხით საქართველო მსოფლიოში რიგით მეოთხე ექსპორტიორი ქვეყანაა. 

„ბოლო 2 წლის განმავლობაში გაშენდა ახალი ბაღები: 531 ჰექტარზე კახეთში, სამეგრელოში, გურიასა და იმერეთში. წარმოებაში აქტიურად ხორციელდება საერთაშორისო სტანდარტის დანერგვა, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ექსპორტზე გასატანი პროდუქცია სტანდარტის შესაბამის კონტროლს გადის. დარგის სწორი განვითარების ხელშეწყობისთვის, შეიქმნა თხილის საკოორდინაციო საბჭო, რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობს აქტიური კომუნიკაცია დარგის წარმომადგენლებთან და ფერმერებთან“, – განუცხადეს knews.ge-ს სოფლის მეურნეობის სამინისტროში.