სტატიები

გაერთიანებული მუნიციპალიტეტები – გზა ცენტრალიზაციისკენ

ახალ ინიციატივას მწვავედ აკრიტიკებს არასამთავრობო სექტორი, ექსპერტები და მოსახლეობის ნაწილი. ისინი, მოსალოდნელ ცვლილებას პოლიტიკურ მოტივაციას უკავშირებენ და ამბობენ, რომ ორი თვითმმართველი ერთეულის შერწყმის მთავარი მიზანი 2017 წლის არჩევნების მარტივად მოგებაა.

,,ცენტრალური ხელისუფლებიდან ისედაც იყო კონტროლი და ეხლა უფრო გამარტივდება. ისედაც შეკვეცილია მერის უფლებები და ეს იქნება კიდევ უფრო მეტად კონტროლირებადი მექანიზმის შექმნა. გამოდის, რომ იდეაში მათ აქვთ სურვილი, გააუქმნონ პირდაპირი წესით არჩეული მერები და გამგებლები, მაგრამ ამ ეტაპპზე ვერ ხერხდება, თუმცაღა რგოლი სუსტდება”, – ამბობს ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში კოტე კანდელაკი.

მესამე სექტორში მიიჩნევენ, რომ მუნიციპალიტეტების გაერთიანების შემთხვევაში, ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის დეცენტრალიზაცია კიდევ უფრო გართულდება.

,,თუ თვითმმართველი ქალაქი თელავი გაუქმდა, ქალაქის განვითარების პროცესში მოსახლეობის ჩართულობის მექანიზმი დაიკარგება. რეფორმის მეოთხე წელს პროცესი მიდის არა დეცენტრალიზაციისკენ, არამედ ცენტრალიზაციისკენ“, – განაცხადა სამოქალაქო სააგენტოს აღმასრულებელმა დირექტორმა, ზვიად დევდარიანმა.

ხელისუფლება აღნიშნული ცვლილებებით ცენტრალიზებული მმართველობის გაძლიერებას გამორიცხავს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე კახა გულედანი მიუთითებს, რომ ტერიტორიული ოპტიმიზაციის ძირითადი მიზანი ადმინისტრაციული ხარჯების დაზოგვაა, რომელიც რეგიონულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოხმარდება.

,,ცვლილებების შედეგად, მუნიციპალიტეტებს მეტი რესურსით და მეტი სერვისით სარგებლობის საშუალება მიეცემათ, რაც დეცენტრალიზაციის მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს”, – აღნიშნა გულედანმა.

თელავის დემოკრატიის სკოლის ხელმძღვანელი ნიკოლოზ შარვაშიძე მიიჩნევს, რომ ქალაქისა და თემის მუნიციპალიტეტების გაერთიანება ვერ უზრუნველყოფს მოქალაქეების ეფექტურ ჩართულობას თვითმმართველობის განხორციელების პროცესში.

„თუ მუნიციპალიტეტები გაერთიანდება, ნაკლები ინფრასტრუქტურილი პროექტი განხორციელდება და ნაკლები თანხა დაიხარჯება სოფლების საჭიროებებზე, რა თქმა უნდა შემცირდება მოქალაქეთა ჩართულობა ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში“, – მიაჩნია ნიკოლოზ შარვაშიძეს.

ამ მოსაზრებებს არ ეთანხმება თელავის თემის საკრებულოს თავმჯდომარე, პაატა გიორგობიანი. იგი ირწმუნება, რომ საკრებულოში დეპუტატების უმრავლესობა წარმოდგენილი იქნება სოფლებიდან, რაც, მისი მტკიცებიოთ, პროექტების შეჩერებას გამორიცხავს.

,,მთავრობის პირდაპირი მითითებაა, რომ მსგავსი ფაქტი არ მოხდეს და სოფლებში ნაკლები თანხა დაიხარჯოს, ვიდრე ქალაქში. თანხები არ შემცირდება, პროექტები გაგრძელდება. შენარჩუნებულია არჩევითი სისტემაც. ქალაქსა და ყველა სოფელს ეყოლება მაჟორიტარი დეპუტატები. არ ვფიქრობ, რომ ცენტრალიზებული მართვა ძლიერდება, რადგან არჩევითობის პრინციპი შენარჩუნებულია“, – ამბობს პაატა გიორგობიანი.

ოპოზიცია კი ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შეტანილ ცვლილებებს მკვეთრად უარყოფითად აფასებს და თვითმმართველი ერთეულების გაერთიანებას პოლიტიკურ მოტივაციას უკავშირებს.

,,ქალაქ თელავის საკრებულომ თელავს საკუთარი ხელით გამოუსვა დანა და დაასამარა ქალაქის მომავალი, როდესაც მხარი დაუჭირა მუნიციპალიტეტების გაერთიანებას. ხელისუფლება არ უსმენს საკუთარ მოქალაქეებს და მათ მოსაზრებას არ იზიარებს“, – აცხადებს პარტიის ქალაქ თელავის საკრებულოს წევრი ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ბაადურ რევაზიშვილი.

მოსახლეობის ნაწილი ფიქრობს, რომ მათთვის მნიშვნელოვანია გადაწყვეტილების მიღების პროცესებში მონაწილეობის მიღება. გარკვეული ნაწილის მტკიცებით, ხელისუფლება ისე იღებს გადაწყვეტილებას, რომ მათ აზრს არავინ არ ეკითხება. გარკვეულ ნაწილს კი თვითმმართველობების ცენტრალიზაციის საკითხებზე ინფორმაცია არ აქვს.

,,ქალაქის ან თემის პრობლემებზე მსჯელობა უნდა მიმდინარეობდეს ლოკალურად, ჩვენ უკეთ ვიცით, რა საკითხების მოგვარება ესაჭიროება ჩვენს დასახლებას. არც ქალაქის მოსახლეობისთვის უკითხავთ აზრი და არც თმემში მცხოვრებლებისთვის. რატომ გაყვეს მმართველობები თუ ისევ ამას გეგმავდნენ? მაშინ სკეპტიკურად ვუყურებდი ამ საკითხს, მაგრამ იმ სისტემამ გაამართლა. ამ შემთხვევაში, მოსახლეობის ჩართულობაზე აღარ არის საუბარი, ინფორმაციულ ვაკუუმში მოგვიწევს ცხოვრება სოფლებში. ძალიან დიდი მნიშნელობა ჰქონდა ქალაქისა და თემის ცალცალკე ბიუჯეტებს, ხალხმა ინიციატივების დაყენება ისწავლა და ეხლა ყველაფერი ერთნაირად მოისპობა“, – მიაჩნიათ თემში მცხოვრებ მოქალაქეებს.

საიას თელავის ოფისის ხელმძღვანელი მარეხ მგალობლიშვილი განმარტავს, რომ  გადაწყვეტილების მიღებამდე მათი წარმომადგენლობა 2 თვე უშედეგოდ ითხოვდა მთავრობის წევრებთან შეხვედრას.

,,მთავრობამ ყოველგვარი კონსულტაციების გარეშე მიიღო გადაწყვეტილებები. ჩვენი მცდელობის მიუხედავად, მათი მხრიდან დიალოგისა და კონსულტაციების გამართვის სურვილი არ ყოფილა. კანონმდებლობის მიხედვით კი, ამ პროცესებს წინ უნდა უსწრებდეს საჯარო განხილვები, რაშიც უნდა იყოს მოსახლეობა ჩართული“,– აღნიშნავს მგალობლიშვილი.

დღეს, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსსა” და „საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებს ვეტო დაადო. რეგლამენტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე 1 დღით ადრე, ოპოზიცია პრეზიდენტს თვითმმართველობის კოდექსზე ვეტოს დადებისკენ მოუწოდებდა. გიორგი მარგველაშვილს ვეტოს უფლების გამოყენებისკენ მოუწოდებდა სამოქალაქო სექტორიც.

შეგახსნებთ, რომ საქართველოს მთავრობამ მუნიციპალიტეტების გაერთიანებას მხარი პირველ ივნისს დაუჭირა, რის შედეგადაც არსებული 71 თვითმმართველი ერთეულის ნაცვლად ცვლილების შემდეგ 64 უნდა დარჩენილიყო.

მთავრობა გეგმავს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შესატან ცვლილებათა მეორე პაკეტის მომზადებას, რომლის განხილვაც პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე იგეგმება.

 

სტატია ქვეყნდება ფონდ ღი საზოგადოება საქართველოს მხარდაჭერილი პროექტის ,,თვითმმართველობების შენარჩუნებისა და გაძლიერების ხელშეწყობა” ფარგლებში. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება, შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდის პოზიციას, შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.