საქართველოდან ცხვრის ექსპორტი გაიზარდა

,,2016 წლის პირველ ნახევარში 7500 ცხვრის ტან-ხორცია ექპორტზე გატანილი. საქართველოდან დაკლული ცხვრის ხორცის ძირითადი ექსპორტიორები ირანი, არაბთა გაერთიანებული საემიროები, ქუვეითი და ერაყი არიან. სააგენტო ექსპორტის მზარდ ტენდენციას ეფექტიანი ვეტერინარული კონტროლით ხსნის”, – აცხადებენ სააგენტოში.
მათივე თქმით, მნიშვნელოვანი ფაქტორია ისიც, რომ სააგენტოს რეკომენდაციების გათვალისწინებით, ცხოველთა სასაკლაოები მოწყობილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, რაც ექსპორტიორი ქვეყნებისთვის ნდობის საფუძველი გახდა.

უახლოეს მომავალში, ბაჰრეინში 1 250 სული ქართული ცხვარი გავა. საქართველოს მეცხვარეთა ასოციაციის ხელმძღვანელის განცხადებით, ქართულ ცხვარზე მოთხოვნა გაზრდილია.
,,გასულ წელს ასოციაციის წარმომადგენლები ვიყავით ბაჰრეინში და ეს საკითხიც ამ დროს გადაწყდა. მნიშნელოვანია, რომ შარშანდელთან შედარებით მყიდველების სიმრავლე შეინიშნება. მოთხოვნა სხვა ქვეყნებიდანაც არის და იმედი გვაქვს, რომ ქართული ცხვრის ექსპორტი გაიზრდება”, – აღნიშნავს knews.ge-სთან ბექა გონაშვილი.

ქართულ ცხვარში უცხოურის შერევის თავიდან აცილების მიზნით, რეგულაციებიც ამოქმედდება. სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, ცხვრების შერევა, რისკების მატარებელია. 
,,კარანტინის წესების დარღვევა საკმაოდ მკაცრად დაისჯება. უნდა დავიცვათ მეცხვარეთა, ფერმერთა ინტერესები. მაქსიმალურად უნდა მოვახერხოთ საკუთარი ინდუსტრიის დაცვა. მეცხვარეთა, ფერმერთა ინტერესები გავითვალისწინოთ და, შესაბამისად, იმ ბაზრებზე წვდომა, რომელიც ბოლო წლებში გაუჩნდათ ჩვენი მარკეტინგული ღონისძიებების შედეგად. ეს ცვლილებები ამას უზრუნველყოფს და ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია მეცხვარეობის სექტორის განვითარებისთვის“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მეცხვარეები ინიციატივას დადებითად აფასებენ. ისინი ფიქრობენ, რომ სანქციების გამკაცრების შემდეგ გამოირიცხება ექსპორტზე უცხოური ცხვრის ქართული სახელით გატანის შემთხვევები.
,,გვაქვს მაღალი კეთილსაიმედოობა ვეტერინარული თვალსაზრისით, ჩვენი ინდუსტრიის დაცვა უნდა მოვახდინოთ. რისკებიდან დაზღვეულები ვიქნებით”, – აცხადებს knews.ge-სთან ბესო გატირიძე.

ცვლილებას „სურსათ/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი“ ითვალისწინებს.