ახალი ამბები

თელავსა და ახმეტაში სივრცითი დაგეგმარების პროექტები მუშავდება

პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი მიწათსარგებლობისა და განაშენიანების რეგულირების გეგმის მნიშვნელობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ თელავი ერთ–ერთი ტურისტულად მიმზდველი ქალაქია.

,,თელავს აქვს უმნიშვნელოვანესი კულტურული და ტურისტული მდანიშნულება. უმოკლეს ვადაში უნდა მომზადდეს სივრცითი დაგეგმარების პროექტი”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

სივრცითი ტერიტორიული მოწყობის გენერალური სქემა ექნება ახმეტასა და თუშეთის 12 სოფელსაც. აღნიშნული სქემა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში შემუშავდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ქეთევან ბოჭორიშვილის თქმით, მემორანდუმის მიზანია მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობა საქართველოს სივრცით ტერიტორიული დაგეგმვის საკითხებში. 

,,მნიშვნელოვანია, რომ ეს დოკუმენტი შემუშავდება საერთაშორისო გამოცდილების და პრაქტიკის მიხედვით. გათვალისწინებული იქნება ისეთი ფაქტორები, როგორიცაა ეკოლოგიური, ეკონომიკური, კულტურული, სოციალური და ა.შ. ამ ყველაფრის ინტეგრაციის საფუძველზე შემუშავდება დოკუმენტი, რომელიც იქნება საფუძველი რეგიონის განვითარებისა”,– განაცხადა ქეთევან ბოჭორიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ თუშეთში შესაძლოა, ზამთრის ტურიზმის სამთო ინფრასტრუქტურა მოეწყოს, მათ შორის, თავისუფალი სკიტურის ტრასა, რაც თხილამურების გარეშე სრიალს გულისხმობს.