სტატიები

სოფელ კარდენახში ჩირის 11 სახეობას ამზადებენ

როგორც Knews.ge–ს საწარმოს ხელმძღვანელმა, თინათინ გულხადარაშვილმა განუცხადა, პროდუქციის დამზადება ბებიებისგან ისწავლეს და ყოველწლიურად დაახლოებით 100 კილოგრამ ჩირს აწარმოებენ. 
„ჩვენი პროდუქციის არჩევანი მრავალფეროვანია. სეზონურად რა ხილიც შემოდის და რომლის გაშრობაც შეიძლება, ყველაფრისგან ვამზადებთ ჩირს. ვამზადებთ ქლიავის, ლეღვის, ალუბლის, ბალის, ატმის, ვაშლის, ნესვის, გარგარის, ჭერამის, ხურმის, და შინდის ჩირს. ეს საქმიანობა ჩვენი ბებიებისგან ვისწავლეთ. მაშინ ჩირს, ტყლაპს, ჩურჩხელას ხურჯინში ინახავდნენ და ჩვენი ბებიების ხურჯინი სავსე იყო ამ ტკბილეულით, ამიტომ დავარქვით ჩვენს საწარმოს სავსე ხურჯინი“, – განუცხადა knews.ge–ს თინათინ გულხადარაშვილმა. 
საწარმოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ ხილს მზის ენერგიით აშრობენ. 
„პროდუქციას ძირითადად ვაწარმოებთ ჩვენი ხეხილის ბაღებში მოყვანილი ხილიდან. ნადლეულს, რომელიც არ გვაქვს, ვიბარებთ ადგილობრივი ფერმერებისგან. პროდუქცია ნატურალურია. ხილს ვაშრობთ მზის ენერგიით, ივლისის შუა რიცხვებიდან სექტემბრის პირველ ნახევრამდე. გაშრობის დროს ხილს მწერებისგან ვიცავთ. პროდუქცია არ შეიცავს არანაირ დანამატებს, შაქარს, მარილს და ა.შ. ხილს ვუნარჩუნებთ ბუნებრივ სიტკბოს“, – აღნიშნავს თინათინ გულხადარაშვილი. 
მისივე ინფორმაციით, ერთი კილოგრამი ჩირის ფასი 20–დან 35 ლარამდე მერყეობს და პროდუქცია ძირითადად კახეთში იყიდება. თინათინ გულხადარაშვილი აღნიშნავს, რომ პროდუქცია ექსპორტზეც გადის და ის ლონდონში იყიდება. 
„ხილს ძირითადად კახეთში ვყიდით. ადამიანები, რომლებმაც იციან, რომ ჩვენი პროდუქცია ნატურალურია, თავად გვაკითხავენ და ჩირს ყიდულობენ. ჩვენი ჩირი ტურისტებშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს. პროდუქციის ყიდვის მსურველები სოციალური ქსელის მეშვეობითაც გვიკავშირდებიან. ჩირის ღირებულება სახეობის მიხედვით 20–დან 35 ლარის ფარგლებში მერყეობს. ყველაზე ძვილი კურკაგამოცლილი ალუბლის ჩირი 35 ლარი ღირს. ჩვენი პროდუქცია მცირე რაოდენობით ექსპორტზე დიდ ბრიტანეთში გადის“, – ამბობს გულხადარაშვილი. 
„სავსე ხურჯინი“ ტყლაპს, ჩურჩხელასა და მურაბებსაც აწრამოებს. 
„ძირითადად ტყლაპს ძირითადად ტყემლისგან და ალურჩისგან ვამზადებთ. ტყლაპს ვამზადებთ ხილფაფისგან ყოველგვარი დანამატის გარეშე. ხილფაფასაც მზის ენერგიაზე ვაშრობთ. შემდეგ გამზადებულ ტყლაპს ვიღებთ და ვინახავთ გარკვეულ ტემპერატურაზე. მინიმუმ 10 გრადუსი სითბო უნდა იყოს. ჩვენ, ასევე, ვაწარმოებთ ჩურჩხელასა და მურაბებს სხვადასხვა სახეობის ხილისგან“, – ამბობს საწარმოს ხელმძღვანელი. 
თინათინ გულხადარაშვილის მტკიცებით, ბოლო პერიოდში ჩირზე, ტყლაპსა და ჩურჩხელაზე მოთხოვნა გაიზარდა, რის გამოც სამომავლოდ წარმოების გაზრდას აპირებს.