სტატიები

ოჯახში ძალადობის შესახებ 24 კანონში ცვლილებები შევიდა

სტამბოლის კონვენციიდან გამომდინარე 24 კანონში ცვლილებები შევიდა. პარლამენტის დეპუტატის, გენდერული საბჭოს წევრის ნინო წილოსანის ინფორმაციით, კანონში შეიცვალა ძალადობის მსხვერპლის დეფინიცია, მისივე განმარტებით, შემაკავებელი და დამცავი ორდერების გამოყენება შესაძლებელი იქნება გაიცეს ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტის გამოვლენის ნებისმიერ შემთხვევაში. კანონში შეტანილი ცვლილებებით გაიზარდა ქალთა მიმართ ძალადობრივი დანაშაულის დამამძიმებელ გარემოებათა ჩამონათვალი, გაფართოვდა იმ პირთა წრე, რომელსაც შეუძლია სამართალდამცველებს მიაწოდოს ინფორმაცია ძალადობის ფაქტების შესახებ და ა.შ.
,,დარწმუნებული ვარ, რომ შეხვედრის მონაწილეები შეძლებენ მაქსიმალურად მიაწოდონ საზოგადოებას ინფორმაცია ამ საკითხზე. როგორც პარლამენტის გენდერული საბჭოს წევრი, თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ამ კუთხით ბევრი რამ კეთდება. შეხვედრის ერთ–ერთი ძირითადი მიზანი იყო სწორედ სტამბოლის კონვენციის რატიფიცირება, რომელიც წელს მოახდინა პარლამენტმა. სწორედ ამ საკითხებზე მივაწოდეთ ინფორმაცია მოსახლეობას,’’– განუცხადა knews.ge-ს ნინო წილოსანმა.
(NDI) საქართველოს პროგრამის მენეჯერი ოჯახური ძალადობის შესახებ ეფექტური საინფორმაციო კამპანიის აუცილებლობაზე საუბრობს. თეონა ყუფუნია ფიქრობს, რომ ამ საკითხებზე მოსახლეობის ინფორმირება შეამცირებს ქალთა მიმართ განხორციელებულ ძალადობას. 
,,ჩვენ ვცდილობთ მოსახლეობას მივაწოდოთ სრული ინფორმაცია იმაზე თუ რა არის ოჯახში ძალადობა, ქალთა მიმართ ძალადობა, რა არის გენდერული ნიშნით ძალადობა, რა ცვლილებები მიიღო პარლამენტმა და საბოლოო ჯამში ვფიქრობთ, რომ ის შეამცირებს ქვეყანაში იმ საშინელ სტატისტიკას, რაც გვაქვს ქალთა ძალადობისა და მკვლელობების კუთხით. ვგეგმავთ არაერთი შეხვედრის ჩატარებას და იმედი გვაქვს, რომ ვიღაცამდე ინფორმაცია მაინც მიაღწევს’’, – განაცხადა თეონა ყუფუნიამ. 
ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის კახეთის რეგიონული კომიტეტის თავმჯდომარე პარლამენტის მიერ ამ კუთხით გახორციელებულ ცვლილებებს დადებითად აფასებს. ჯილდა ხარიტონაშვილი ამბობს, რომ ცვლილებები ხელს შეუწყობს ოჯახში ძალადობის რიცხვის შემცირებას. 
,,მნიშნელოვანია ამ პროექტის განხორციელება, იმიტომ რომ ამ კუთხით ძალიან ბევრი პრობლემაა. ოჯახში ძალადობის რიცხვი გაზრდილია. ჩვენს ორგანიზაციას ბოლო ორი თვის განმავლობაში კახეთის რეგიონში ძალადობის 35–მა მსხვერპლმა მიმართა. აქედან 4 არის ფსიქოლოგიური ძალადობა ბავშვებზე, რომლებსაც ჩვენ ფსიქოლოგის დახმარებით გავუწიეთ კონსულტაცია. დაფიქსირდა, ასევე, ფიზიკური და სექსუალური ძალადობის ფაქტები, ძირითადად მთიან დასახლებებში, სადაც განხორციელდა პატარა გოგონებზე ძალადობა ტრადიციების სახელით. სწორედ ამიტომ არის აუცილებელი მოსახლეობის ინფორმირება’’, – განუცხადა knews.ge-ს ჯილდა ნიბლაძემ.
გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორი არსებული პრობლემებიდან გამოსავალს საზოგადოების და სამართლდამცავების გააქტიურებაში ხედავს. თინათინ ზუბაშვილი ამ პროცესში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების ჩართვის მნიშვნელობაზეც ამახვილებს ყურადღებას. 
,,ამ პროცესში სამართალდამცავების როლი ძალიან მნიშვნელოვანია. ძირითადი პრობლემა, ასევე, არის საზოგადოების არაინფორმირება. შესაბამისად ინფორმირება და ფაქტების გამოვლენის შესაძლებლობა თავის მხრივ დანაშაულის შემცირებას შეუწყობს ხელს. მნიშვნელოვანია, რომ ამ კამპანიაში მიიღეს მონაწილეობა სამედიცინო სფეროს წარმომადგებლებმაც, რადგან დაზარალებულები პირველად მათთან მიდიან. სწორედ მათგან შეტყობინების მიღებაც დანაშაულის გამოვლენას შეუწყობს ხელს, რეაგირებაც იქნება მაღალი და შედეგიც იქნება შესაბამისად ადეკვატური’’, – განუცხადა knews.ge–ს თინათინ ზუბაშვილმა. 
შეხვედრა ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტისა (NDI) საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ორგანიზებით გაიმართა. მისი მიზანია ევროპის საბჭოს კონვენციის შესახებ (სტამბოლის კონვენცია), მოსახლეობის ინფორმირება, რომელიც “ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ” საკითხებს ეხება.