სტატიები

შოტლანდიელი ცნობილი ჟურნალისტის კახური ისტორია

კახეთზე შეყვარებულმა სოფლის შუაგულში სახლი ააშენა, ვენახი იყიდა და ამჟამად ღვინოს ქართული ტრადიციული მეთოდით კისისხეველ მეგობართან ერთად აწარმოებს.
იგი საქართველოში ასპირანტურაზე სასწავლებლად ჩამოვიდა, ქართული ენა ისწავლა და საქართველოს უახლესი ისტორიის მიმართულებით დისერტაცია დაიცვა. 
,,საქართველოში ქართული ენის სასწავლებლად ჩამოვედი. როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა, ჩემთვის საქართველოში ჩამოსვლა უფრო გამარტივდა. შემდეგ მოსკოვში BBC-ის კორესპონდენტად დავიწყე მუშაობა. იქ ვიცხოვრე და ვიმუშავე 9 წელი. საქართველოში მაშინ არ იყო კარგი სიტუაცია და ხშირად მიწევდა სხვადასხვა ამბის გადასაღებად ჩამოსვლა. ამ პერიოდში დავიწყე ფიქრი იმაზე, რომ სახლი მეყიდა კახეთში. საქართველოს კუთხეებიდან ყველაზე ძალიან კახეთი მომეწონა, იმიტომ რომ აქ ხალხი არის უფრო დინჯი, ვიდრე სხვა კუთხეში მცხოვრები ქართველები. ასევე მომწონს ღვინის დაყენების კულტურა. მინდოდა მეყიდა ადგილი, სადაც იყო სახლი და ვენახი. ბევრი სახლი ვნახე, მაგრამ არ მომეწონა. ბოლოს მოვედი კისისხევში და აქ ვნახე ადგილი, სადაც სახლი არ იყო და მხოლოდ საძირკველი დაგვხვდა. კარგი ადგილი იყო, კავკასიონის გადასარევი ხედით, ვენახით, ძალიან მომეწონა და ვიყიდე ეს ადგილი’’, – განუცხადა Knews.ge-ს რობერტ პარსონსმა. 
ჟურნალისტი ყოველწლიურად 1000–ზე მეტ ლიტრ ღვინოს სოფელ კისისხევში მცხოვრებ ქართველ მეგობართან ერთად აყენებს. იგი ამბობს, რომ მეღვინებისა და ტურიზმის განვითარების მიმართულებით საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს.
,,მაქვს ვენახი, იქიდან მიღებული ყურძნით ღვინოს ვაყენებთ. ამ პროცესში მეხმარება სოფელში მცხოვრები მეგობარი, ძირითადად საქმეს ის აკეთებს. დაახლოებით 1000 ლიტრზე მეტ ღვინოს ვაყენებთ, ეს ჩვენთვის საკმარისია. ქართული კულტურა და ღვინო ძალიან მომწონს. საინტერესოა, რომ ქართული ღვინის სახელი ვრცელდება მსოფლიოში, თითქმის ყოველდღე ვკითხულობ ახალ სტატიას ცნობილ გაზეთებსა და ჟურნალებში. ქართული ღვინო განსხვავებულია და სხვა გემო აქვს, როცა ქვევრში აყენებ. საქართველო უკვე ნაცნობია ბევრი მეღვინესთვის და ღვინის მოყვარულებისთვის. ადრე არავინ იცოდა მის შესახებ და სასიხარულოა, რომ პოპულარული ხდება. მე ვიყავი სამხრეთ საფრანგეთში და მოვაწყე ქართული ღვინოების დეგუსტაცია. 20–მდე მეღვინე მოვიდა, მათ დააგემოვნეს ღვინო და ძალიან მოეწონათ’’,– აღნიშნავს ჟურნალისტი.
რობერტ პარსონსს ჟურნალისტიკაში მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. იგი სხვადასხვა დროს ბევრ საერთაშორისო მედია ორგანიზაციაში მუშაობდა. ეტაპზე პარსონსი ფრანგულ ტელეკომპანია “France 24”-ში საერთაშორისო განყოფილების მთავარი რედაქტორია. შოტლანდიელი რეპორტიორი სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში ხშირად ჟურნალისტებს მასტერკლასებს უტარებს. 
,,დიდი ხანია, რაც ვმუშაობ ჟუნალისტიკაში. როგორც აღვნიშნე, პირველად BBC-ში დავიწყე მუშაობა. 90–იან წლები ძალიან საინტერესო პერიოდი იყო. იშლებოდა საბჭოთა კავშირი – იყო რევოლუციები, ორი ომი ჩეჩნეთში და მგონია, რომ ჟურნალისტისთვის ძალიან საინტერესო პერიოდი. მე ვნახე აბსოლუტურად ყველაფერი: პოლიტიკა, ქვეყნების კულტურა, სხვადასხვა ომი და ჩემთვის ეს საოცარი გამოცდილება იყო’’, – ამბობს რობერტ პარსონსი.