ახალი ამბები

თესაუ და თელავის პირველი სკოლა ერთობლივ პროექტს განახორციელებენ

როგორც knews.ge–ს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში განუცხადეს, 2017 წლის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსში, „მეცნიერება იწყება სკოლიდან-კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“, 20 საკონკურსო პროექტს შორის თესაუსა და ერეკლე მეორეს სახელობის თელავის #1 საჯარო სკოლის ერთობლივმა პროექტმა გაიმარჯვა.
პროექტი „ბუნებრივი რესურსებით ეკოპროდუქტების წარმოების მიზნით მოსწავლეებში კვლევითი უნარების გამომუშავება მიკრობიოლოგიური და ბიოქიმიური კვლევების მეშვეობით“, საჯარო სკოლებში მეცნიერული კვლევის უნარების განვითარებას, მოსწავლეების სამეცნიერო კვლევებში ჩართულობის ინტერესის ამაღლებასა და არასამიზნე სკოლებში ქსელური მუშაობის განვითარებას ისახავს მიზნად.
პროექტის განმახორციელებელი ჯგუფის წევრები მეფე ერეკლე მეორეს სახელობის თელავის #1 საჯარო სკოლის მასწავლებელი ნანა გარჯიკაული, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი, თელავის #7 საჯარო სკოლის პედაგოგი ნათელა ბაღათრიშვილი და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი მაგდა დავითაშვილი არიან.
„პროექტის განხორციელების პერიოდში კვლევაში მონაწილე საჯარო სკოლის მოსწავლეები უნივერსიტეტის ლაბორატორიებით ისარგებლებენ და სემინარებს სხვადასხვა ჯგუფისათვის, უნივერსიტეტის მეცნიერებთან ერთად ჩააატარებენ. პროექტის ფარგლებში მეფე ერეკლე მეორეს სახელობის თელავის #1 საჯარო სკოლას გადაეცემა ლაბორატორიული და კომპიუტერულ ტექნიკა, რომელიც სკოლას საკუთრებაში დარჩება“, – განუცხადეს knews.ge–ს თესაუს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.
თესაუსა და თელავის საჯარო სკოლების ერთობლივი პროექტი 2018 წლის მაისში დასრულდება.