სტატიები

ქართული სახელით უცხოეთიდან შემოსული ცხვარი ექსპორტზე ვეღარ გავა

სოფლის მეურნეობის მინისტრის ინფორმაციით, უცხო ქვეყნიდან შემოყვანილი ცხვრის ქართულ ცხვარში შერევა და მისი ექსპორტზე საქართველოს სახელით გატანა მკაცრად დაისჯება. ლევან დავითაშვილის განმარტებით, მოსალოდნელი ცვლილებების მიზანი ქართველ მეცხვარეთა და ფერმერთა ინტერესების დაცვაა. 
„ცვლილებები უკავშირდება კარანტინის წესების გამკაცრებას. თქვენ იცით, რომ ცხვრის შემოყვანის სამწუხარო პრაქტიკა არსებობდა. იყო ისეთი შემთხვევებიც, როცა მათ ქართულ ცხვარში ურევდნენ. კარანტინის წესები ახლა საკმაოდ მკაცრად გაკონტროლდება. შესაბამისად, ფაქტობრივად გამოირიცხება შემთხვევები, როცა საქართველოდან ქართულის სახელით გავა ექსპორტზე უცხო ქვეყნიდან შემოყვანილი ცხვარი. ჩვენ ჩვენი ინდუსტრია მეცხვარეთა, ფერმერთა ინტერესები მაქსიმალურად უნდა დავიცვათ. შესაბამისად, იმ ბაზრებზე წვდომა, რაც ბოლო წლებში გაუჩნდათ ჩვენი მარკეტინგული ღონისძიებების შედეგად, უნდა იყოს მყარი და მდგრადი. ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მეცხვარეობის სექტორის განვითარებისთვის“, – განაცხადა დავითაშვილმა.

საქართველოს მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარე დაგეგმილ ცვლილებას ქვეყანაში მეცხვარეობის დარგის განვითარების ერთ-ერთ წინაპირობად დადებითად აფასებს. ბექა გონაშვილი ამბობს, რომ ქართულ ცხვარში უცხოური ცხვრის შერევა, ვეტერინარული თვალსაზრისით, სერიოზულ რისკეს შეიცავს. 
“სახელმწიფო ბოლო წლების განმავლობაში მილიონამდე ლარს ხარჯავს უფასო ვაქცინაციებზე, რათა ქართული ცხვარი ვეტერინარული კუთხით ყოფილიყო საიმედო. მაგრამ სამწუხაროდ ვაქცინაციებს მნიშვნელობა არ ჰქონდა, რადაგნ უკონტროლოდ შემოსული ცხვარი უამრავი თავსატეხს გვიქმნიდა. ქართულ ცხვარში უცხოური ცხვრის შერევა ვეტერინარული თვალსაზრისით სერიოზულ რისკებს ატარებს. ცხვარი აქამდე შემოჰყავდათ ძირითადად რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და ამ ქვეყნებში ვეტერინარული მდგომარეობა არ არის სახარბიელო. ვფიქრობ, რომ აღნიოშნული რეგულაციის დაწესებით ამ მხრივ პრობლემა მოგვარდება. გარდა ამისა, უცხო ქვეყნიდან შემოსული ცხვრის ქართული სახელით ექსპორტზე გასვლა ნიშნავს, რომ ქვეყნაში ამ მხრივ პრობლემაა. ამის გამო იორდანიის ბაზარზე ჩვენი ცხვარი აღარ გადის. ამ დრომდე იორდანიის ბაზარი გახსნილი არ არის”, – განუცხადა knews.ge-ს ბექა გონაშვილმა. 

მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ მოსალოდნელი ცვლილება ხელს შეუწყობს ქართული ცხვრის ექსპორტის გაზრდას. 
“აქამდე უკონტროლო მდგომარეობა ხელს გვიშლიდა ქართველ მეწარმეებს, რომ ჩვენს ცხვარზე უცხო ქვეყნის ბაზარზე მოთხოვნა ყოფილიყო. ეს ცვლილება ქართული ცხვრის ექსპორტზე პოზიტიურ ცვლილებას მოახდენს, თუმცა მხოლოდ ეს არ არის საკმარისი. წინა კვირას გადაწყდა, რომ ჩვენი ცხვარი ბაჰრეინის ბაზარზე გაიყიდება. ამ ქვეყანაში ქართული ცხვარი ადრე არასოდეს გასულა. ახლა კი მე თავად გავაგზავნი 1250 სულს. ასევე მოთხოვნაა ცხვრის ხორცზეც. რაც შეეხება ევროკავშირის ბაზარზე ცხვრის გაყვანას, ამ ეტაპზე ეს გამორიცხულია, რადგან ვეტერინარული თვალსაზრისით ჩვენი პროდუქცია არ არის საიმედო. ამ მიმართულებით ბევრია სამუშაო”, – ამბობს გონაშვილი. 

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2013 წელს ცხვრისა და თხის რაოდენობამ საქართველოში 856 ათას სულს მიაღწია. საქართველოში არსებული ცხვრის 80-85 პროცენტი თუშურ ცხვარზე მოდის. მეცხვარეთა ასოციაციის ინფორმაციით, 2009 წელს ექსპორტზე 266 000 ცხვარი გავიდა, 2010 წელს – 178 000, 2011 წელს – 155 000, 2012 წელს- 170 000, 2013 წელს – 160 000. 2014 წელს ექსპორტზე გასული ცხვრის რაოდენობამ 220 000-ს მიაღწია. 2015 წელს უცხო ქვეყნების ბაზარზე 180 000 ცხვარი გაიყიდა, ხოლო 2016 წელს კი – 190 00.