სტატიები

გურჯაანში თერმული სკების წარმოება დაიწყო

მან ოთხი თვეა აღნიშნული საქმიანობა დაიწყო და ახლა თავისი მეურნეობისთვის უკვე 100 თერმული სკა დაამზადა. მეწარმე ამბობს, რომ აღნიშნული სკების გამოყენებით მეფუტკრეებს დანახარჯი უმცირდებათ და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის წარმოება შეუძლიათ.
”თერმულ სკებს ორი დანიშნულებით ვამზადებ. ერთი, სადაც ფუტკრები უნდა განთავსდნენ და მეორე, გამრავლებისთვის განკუთვნილი სკები. ვინც გაიგო თერმული სკების შესახებ, ერთი ან ორი მაინც შეიძინა, შედეგები შეაფასა და ახლა უკვე სურვილი გაუჩნდა, რომ ფუტკრები მთლიანად თერმულ სკებში გადაიყვანონ. ბოლო 10 წელია, რაც მეფუტკრეობაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები არ გადადგმულა და ბევრმა არ იცის ამ სკების შესახებ, მაგრამ მალე აუცილებლად მოთხოვნადი გახდება. ეს ქართული თაფლის წარმოების ზრდას შეუწყობს ხელს. დღეს მეფუტკრეებს იმპორტირებული სკების შეძენა უწევთ. შემოტანილი სკის ღირებულება კი 250–300 ლარია, რაც პროდუქციის გაძვირებას იწვევს. თერმული სკის ყიდვა კი 100 ლარი ჯდება”,- განუცხადა KNEWS.GE-ს ილია ხარაზიშვილმა.
მეფუტკრუს ინფორმაციით, ხის სკასთან შრდარებით თერმული სკა უფრო მეტ ფინანსურ სარგებელს იძლევა. თერმული სკაში მუშაობს გაცილებით მეტი ფუტკარი და მეფუტკრეც შედარებით ნაკლებად შრომობს. 
,,მაგალითად, თერმულ სკას არ სჭირდება ვენტილაცია, მასში არ არის ტემპერატურული ცვლილებები. არის შემოსავლიანი და რაც მთავარია ადვილად დასამზადებელი, თავად მეფუტკრესაც შეუძლია მისი აწყობა. არის ტრანსპორტიებისთვის მოსახერხებელი, თუმცა ვერ უძლებს უხეშ დარტყმებს. გარდა ამისა, თერმული სკები სადედე მეურნეობისთვის იდეალურია, რაც დიდ წარმატებას მოუტანს დამწყებ მეფუტკრეებს. ჩვენ უკვე ვცადეთ და კარგი შედეგიც მივიღეთ. ეს ხერხი ეფექტურად იმუშავებს დიდ მეურნეობებში, მეფუტკრეს შემოსავალიც მეტი ექნება. ახალი ტიპის სკები ფუტკრის გასამრავლებლად იოლი ხერხია. მასში მაგრდება პატარა ნუკლიუსები, რაზედაც კვერცხი მაგრდება. ამას დედა ფუტკარი ჩვეულებრივად უვლის. ამ სკაში 2 დედა ფუტკრის მოთავსება შეგვიძლია. გარკვეული დროის შემდეგ გადავიტანთ სხვა სკებში და ფუტკრები გამრავლდება.ეს სკები ზომითაც პატარაა და მათი ტრანსპორტირებაც იოლია. პირველი ყვავილობის დაწყებისთანავე ფუტკარი, გარეთ, ე.წ. ღალაზე იწყებს მუშაობას“, – ამბობს ილია ხარაზიშვილი. 
მეფუტკრე, რომელიც სოფელ კაჭრეთში, საზოგადოებრივ კოლეჯში მეფუტკრეობას ასწავლის, აცხადებს, რომ თერმული სკების გამოყენებას სხვა დადებითი მხარეებიც აქვს. მისი თქმით, აღნიშნულ სკებში თაფლს და სკებს მღრღნელები ზიანს ვერ აყენებენ.
ფერმერი სამომავლოდ საქველმოქმედო საფუტკრის მოწყობასაც გეგმავს, ხოლო ახალი თაფლით კი აპირებს, რომ ერთჯერადად, ახალ წელს, ბავშვთა სახლებს, მოხუცთა თავშესაფრებსა და სოციალურად დაუცველ ოჯახებს დაეხმაროს.