სტატიები

ადგილობრივ ბაზარზე კახური ღორის შაშხი გამოჩნდა

მან ლორის მცირე საწარმო გასულ წელს გახსნა. ფერმერი კახური და სხვა ქართული ჯიშის ღორის ხორცისაგან ტრადიციული წესით ამზადებს 2 სახის შაშხს, როემლიც ადგილობრივ ბაზარზე 20 მაღაზიაში შეჰქონდა. ოტიაშვილი ამბობს, რომ ღორის მოშენებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო ლორის ის რაოდენობა, რომელიც მაღაზიებში სარეალიზაციოდ ჰქონდა შეტანილი, დანახარჯებს ვერ ფარავდა.
,,ელკანას“ დახმარებით ავაშენე მცირე საწარმო. ვგეგმავ კახური ღორის მომრავლებას და უფრო მეტი, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის წარმოებას. ფინანსური პრობლემების გამო საწარმო გაჩერებული იყო. საწარმო დიდი რაოდენობით ლორის მომზადების შესაძლებლობას იძლევა“, – ამბობს knews.ge-სთან საუბრისას გოგია ოტიაშვილი. 
ფერმერის მტკიცებით, მის მიერ ტრადიციული წესით წარმოებული ორი სახის პროდუქცია ხარისხიანი და ეკოლოგიურად სუფთაა, რადგან დანამატებს არ შეიცავს. 
,,აქამდე ვყიდულობდით ღორის ხორცს და ისე ვამზადებდით შაშხს. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ტრადიცული მეთოდებით ვაწარმოოთ ჩვენი პროდუქცია. ეს ხორცი უფრო გემრიელია და ბაზარზე კიდევ მოთხოვნადი“, – აცხადებს ოტიაშვილი. 
,,ელკანას“ ფინანსური მხარდაჭერით მცირე მეწარმემ დაიწყო ქართული ჯიშის ჯაგარა ღორების მოშენებაც. 
,,ჩვენთვის მნიშნელოვანია, რომ პროდუქცია იყოს დამზადებული კახური ღორისგან. ბოლო წლებია კახური ღორის ჯიშების გაქრობაზეა საბარი, ამიტომ დავიწყეთ მოშენებაც. უმეტესობას სახლში უცხოური ჯიშის ღორი ჰყავს მოშენებული, რადგან მეხორცულები არიან და ნაკლები მოვლაც უნდათ“, – აღნიშნავს ფერმერი.
ექსპერტების შეფასებით, ქვეყანაში ხორცის იმპორტის ყველაზე მაღალი მაჩვენებლები სწორედ ღორის ხორცზე მოდის. მათი ინფორმაციით, მას შემდეგ რაც მეღორეობის სანაშენო ფერმები აღარ არსებობს, გაუარესდა ჯიშობრივი მაჩვენებლებიც. 
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი ახორციელებს კახური ღორის გადარჩენის პროექტს, რომლის ფარგლებში მისი მოშენება და დაცვა იგეგმება. 
,,მიმდინარეობს მოძიებული ჯიშების საკოლექციო-სადემონსტრაციო სანაშენე ფერმების ჩამოყალიბება, რაც გულისხმობს: მოძიებული ტიპიური სულადობის სხვადასხვა დაავადებაზე გამოკვლევას (ინფექციური და ინვაზიური) გადარჩეული ეგზემპლიარების სელექციას, გამრავლებას (ხალასი მოშენების მეთოდი) და მათი პროდუქტიულობის სტანდარტების ამაღლებას. საპარტნიორო ფონდი განიხილავს საქართველოში კახური ჯიშის ღორების მომრავლებას, ფერმების მშენებლობას და მის განვითარებას რამდენიმე ეტაპად, ხოლო საბოლოოდ დაგეგმილია კახური ჯიშის ღორისგან ხამონისა და სხვადასხვა ხორცის პროდუქტის წარმოება და მისი რეალიზაცია როგორც ადგილობრივ, ასევე საექსპორტო ბაზარზე. შეხვედრის დროს მხარეებმა განიხილეს პროექტის საინვესტიციო მოცულობა და მისი განხორციელების ვადები. მიმდინარეობს მოძიებული ჯიშების საკოლექციო-სადემონსტრაციო სანაშენე ფერმების ჩამოყალიბება. ადგილობრივ ფერმერებთან ერთად ყოველწლიური 9 000 ღორის წარმადობით ფერმების შექმნას კახეთში გეგმავს,“ – განმარტავს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე. 
ექსპერტების თქმით, კახური ჯიშის ღორი ტყეების ახლოს კარგად იზრდება, პირობებს კარგად ეგუება და ჰაერის დაბალი ტემპერატურაც უარყოფით გავლენას არ ახდენს. 
,,კახური ჯიშის ღორების ზრდასრული წონა 115-120 კგ-ს აღწევს და 6-7 გოჭი ჰყავს. ახლა ამ ჯიშის ღორის შეჯვარებაზეც მიდის საუბრები და ამბობენ, რომ წონა 180 კილოგრამამდეც გაეზრდება. ისინი ადვილად მრავლდებიან და შინაურ პირობებშიც იოლი გასაზრდელია”, – აცხადებენ ექსპერტები. 
გოგია ოტიაშვილი, სამომავლოდ, ბაზრის მოთხოვნიდან გამომდინარე, გეგმავს ძროხის, ცხვრის, ქათმის, ბატისა და იხვის შაშხის წარმოებასაც.