ახალი ამბები

თუშეთის გზა სავარაუდოდ 15 ივნისამდე ვერ გაიხსნება

როგორც knews.ge-ს საავტომობილო გზების დეპარტამენტში განუცხადეს, ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 56-ე კილომეტრზე მცოცავი ქანების გააქტიურების შედეგად 200 000 კუბური მეტრი სიდიდის კლდოვანი მასა ჩამოიშალა, რამაც საგრძბობლად დაამძიმა არსებული მდგომარეობა. 
„ზამთრის თვეების განმავლობაში მოწყდა დაახლოებით 300 000 კუბური მეტრი სიდიდის კლდოვანი მასა, რომელმაც დაახლოებით 10 მეტრის სიმაღლეზე, გზის სავალი ნაწილი დაფარა და მდინარე ალაზნის დინება გადაკეტა. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მეწყრული მოვლენები თუშეთში ახლაც მიმდინარეობს. მდინარე ალაზნის შეგუბების შედეგად წარმოიქმნა 10 მეტრის სიღრმისა და 300 მეტრი სიგრძის ტბა, რომელმაც სტიქიის ადგილამდე მისასვლელი გზა დატბორა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი, აღდგენითი სამუშაოების დაწყების მიზნით, მუდმივად ატარებს სტიქიის ზონის მონიტორინგს. მონიტორინგის შედეგად, ბოლო კვირის განმავლობაში, მცოცავი ქანების გააქტიურება და განმეორებითი – დაახლოებით 200 000 კუბური მეტრი სიდიდის კლდოვანი მასების ჩამოსვლა დაფიქსირდა, რამაც საგრძნობლად დაამძიმა არსებული მდგომარეობა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ შექმნილია ოპერატიული შტაბი, უახლოეს დღეებში, ამინდის გაუმჯობესებისთანავე, 20 კაციანი ჯგუფი დაიწყებს მუშაობას სტიქიური მოვლენის ადგილას და წარმოადგენს საინჟინრო-გეოლოგიურ დასკვნას. დასკვნის გათვალისწინებით გზების დეპარტამენტი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს გააგრძელებს. ამ ეტაპზე ვერ გეტყვით გზის გახსნის სავარაუდო თარიღსაც კი. რთულია ამაზე საუბარი”, – Knews.ge-ს საავტომობილო გზების დეპარტამენტში. 
საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოსახლეობას და თუშეთში გამგზავრების მსურველებს აფრთხილებს, რომ თუშეთთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზის 56-ე კილომეტრამდე გზის საფარი თოვლისაგან თავისუფალია, თუმცა მიუხედავად ამისა, სტიქიის ზონის სიახლოვეს არის ინტენსიური ქვათა ცვენა და დაუშვებელია როგორც ფეხით, ასევე ავტომანქანით გადაადგილება.