NDI – გამოკითხულთა 84 % პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევას ამჯობინებს

კვლევის შედეგების მიხედვით, პრეზიდენტის არჩევას ხალხის მიერ არჩეული წარმომადგენლებისგან მხარს უჭერს 9 %, 2% ასეთი არჩევის არც ერთ წესს არ ეთანხმება, 4%-მა კი არ იცის. დღეს, პრეზიდენტის არჩევის საკითხი ერთ–ერთი მნიშვნელოვანი და აქტუალური განხილვის საგანია. 

რეგიონის მაცხოვრებლების ნაწილი ფიქრობს, რომ პარლამენტის მხრიდან პრეზიდენტის არჩევა არასწორია, ზოგს მიაჩნია, რომ პრეზიდენტი ხალხის რჩეული უნდა იყოს.
,,არ არის სწორი პარლამენტმა აირჩიოს ქვეყნის პრეზიდენტი. ხალხის რჩეული უნდა იყოს და რიგითი მოქალაქეების ინტერესები დაიცვას. რატომ უნდა წარმოადგენდეს ქვეყნის მთავარსარდალი მაინცდამაინც მმართველ პარტიას? პრეზიდენტი მართული არ უნდა იყოს. ხალხის ინტერესების დაცვა უნდა იყოს მთავარი საზრუნავი პრეზიდენტისთვისაც და დანარჩენი მთავრობისთვისაც”, – ამბობს knews.ge-სთან გივი შაშიაშვილი.

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ არგუმენტი, თითქოს მოსახლეობა პირდაპირი წესით არჩევისას ოდიოზურ ფიგურას ირჩევს, საფუძველს მოკლებულია. 
,,ეს არის პირველივე პოლიტიკური ტრადიცია, რომელიც საქართველომ შექმნა და რომელშიც საქართველოს მოქალაქეები თავის თავს ხედავენ. ისინი თავის თავს ხედავენ ქვეყნის ხელმძღვანელის ამრჩევებად. რატომ ვცვლით ამას, რატომ ვეუბნებით მოქალაქეებს, რომ თქვენ არ ხართ კვალიფიციური აირჩიოთ. რატომ ვეუბნებით საქართველოს მოქალაქეებს, რომ თუ თქვენ მოგანიჭეთ არჩევანის უფლება, თქვენ აირჩევთ ოდიოზურ ფიგურას?,“-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მმართველ პარტიაში კი განმარტავენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებით არ სუსტდება საპრეზიდენტო მმართველობა, არამედ ძლიერდება საპარლამენტო მოდელი. პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს განმარტებით, მთავარია, პრეზიდენტის არჩევის წესი იყო მორგებული იმ სისტემაზე, რომელიც ყალიბდება და ეს არის საპარლამენტო მმართველობა.
,,პრეზიდენტის სტატუსი რჩება ზუსტად ისეთი, როგორიც დღეს არის განსაზღვრული მოქმედი კონსტიტუციით. ეს არის მაღალი სტატუსი, რომელიც გულისხმობს, რომ საქართველოს პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური, უმაღლესი მთავარსარდალი და წარმოადგენს ქვეყანას საგარეო ურთიერთობებში. უფლებამოსილებების კუთხით გვაქვს ცვლილება მხოლოდ იქ, სადაც ამას იურიდიული ლოგიკა მოითხოვს. ის, რომ ხალხს ართმევენ პრეზიდენტის არჩევის უფლებას, დემაგოგიური მესიჯია. არის უამრავი საპარლამენტო მმართველობის ქვეყანა სადაც პრეზიდენტს ირჩევენ პირდაპირი წესით, სადაც ირჩევენ არაპირდაპირი წერით”, – აღნიშნა knews,ge-სთან თელავში საკონსტიტუციო განხილვის დროს კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოში პრეზიდენტი ირჩევა საყოველთაო არჩევნების გზით.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 7-28 აპრილს, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 2 493 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა. კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი ±2,7%-ია.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას CRRC-საქართველო ატარებს.