ახალი ამბები

ჟურნალისტური ეთიკის საბჭო – „კახეთის ხმას“ ქარტიის პრინციპი არ დაურღვევია

ქარტიას განცხადებით „მოქალაქე ევროპული განვითარებისთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი მოსიაშვილმა მიმართა. სადავო მასალა შეტევა ადგილობრივ მედიაზე – თელავის მედია კაფე დაიხურა 2017 წლის 9 მარტს გამოქვეყნდა. მასალის თანახმად, “თელავის მედია კაფე, სადაც გაზეთ „კახეთის ხმის“ რედაქცია იყო ინტეგრირებული, დაიხურა.” სტატიაში აღნიშნულია, რომ “თელავის მერიასთან ორწლიანი მოლაპარაკების მიუხედავად, თვითმმართველმა ერთეულმა რედაქციას აღარ გაუგრძელა იჯარის ხელშეკრულება”.
ქარტიაში შემოტანილ განცხადებაში კი გიორგი მოსიაშვილი მიუთითებდა, რომ რედაქციამ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა, შესაბამისად დარღვეული იყო ქარტიის პირველი პრინციპი, რაც ზუსტი ინფორმაციის გავრცელებას გულისხმობს. 
საქმის განხილვას მხოლოდ განმცხადებელი დაესწრო, მოპასუხე რედაქტორმა და ჟურნალისტმა კი საბჭოს კითხვებს სკაიპის მეშვეობით უპასუხეს. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილს მოგვიანებით გამოაქვეყნებს.