სტატიები

არბოშიკელი მჭედელი უძველესი სახეობის ხმლებს და ჯაჭვის პერანგებს ამზადებს

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არბოშიკში მცხოვრები ზაზა ალადაშვილი, რომელსაც სახლში სამჭედლო აქვს გახსნილი, უძველეს ისტორიულ ნივთებს, ქართულ ხმლებს, ჯაჭვის პერანგებს, ფარებს და სხვა მეტალის ნივთებს ამზადებს.
ალადაშვილი ამბობს, რომ ეს შრომატევადი, მაგრამ სასიამოვნო საქმეა. იგი თვეში სამი ხმლის მეტს ვერ ამზადებს, თუმცა ირწმუნება, რომ ნივთების გაყიდვის პრობლემა არ აქვს.
ზაზა ალადაშვილს ხმლებისა და ფარების დამზადების და რეალიზაციის იდეა 25 წლის წინ მოუვიდა. მისივე ინფორმაციით, საქართველოში მსგავსი სახეობის ნივთებს რამდენიმე მჭედელი ამზადებს, ამიტომ მოთხოვნა როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მყიდველების მხრიდან დიდია.
,, ეს საქმიანობა 90-იან წლებში დავიწყე და ვამზადებ ყველანაირი სახეობის მეტალის ნივთებს, ქართულ და უცხოურ უძველეს ხმლებს, სხვადასხვა ფორმის ნივთებს უძველესი ორნამენტებით. სოფელ არბოშიკში საკუთარ სახლში მაქვს სამჭედლო, თვეში სამ ცალ ხმალს ვამზადებთ, მეტს ვერ ვასწრებთ. ძირითადად კოლექციონერები ყიდულობენ, გვიკვეთავენ ან ადგილზე მოდიან და ყიდულობენ. უცხოელებიც ყიდულობენ ჩემს ხმლებს: არაბები, თურქები, გერმანელები და სხვა. ყველა ორნამენტი რომელსაც ვაკეთებ ერთმანეთისგან განსხვავებულია და ძალიან ლამაზი. ხმლის პირის გაკეთებას დიდი დროს სჭირდება, მაგრამ ორნამენტების შესრულებაც დიდ ენერგიას და დროს მოითხოვს, ამიტომ ვერ ვაკეთებთ მეტი რაოდენობის ნივთებს’’,- განუცხადა KNEWS.GE-ს ზაზა ალადაშვილმა.
მჭედელს ერთი ხმლის დასამზადებლად 20 ლითონის ფირფიტა, ერთი ჯაჭვის პერანგის მოქსოვას კი 20 000-ზე მეტი ლითონის რკალი სჭირდება. ზაზა ალადაშვილის განცხადებით, ნაკეთობების ფასები მეტალის ხარისხის და დაკვეთის მიხედვით იცვლება.
,,ხმლის პირის გასაკეთებლად დაახლოებით 20 ლითონის ფირფიტა იჭრება, მერე ჩაქუჩით მუშავდება, ცეცხლში იწრთობა, მერე ისევ ჩაქუჩით იჭედება და გავარვარებული ფოლადი წყალში ივლება. ხმლის პირებსა და დამასკურებს 700 დოლარად ვყიდი, ჯაჭვის პერანგებს 1 500- დან 5 000 ლარამდე. ჯაჭვის პერანგის გარდა, მთლიანად კომპლექტს ვაკეთებთ, მასში შედის: მუზარადი, ფარი და სამკლავურები. მარტო ჯაჭვის პერანგის მოქსოვას ორ თვემდე დრო და 20 000-მდე მეტალის რგოლი სჭირდება. მთლიანი კომპლექტის მომზადებას ერთი წელი მაინც უნდა’’,– განაცხადა ზაზა ალადაშვილმა.
მჭედელი ხმლების დამზადებას თავის შვილს და ორ ადგილობრივ ახალგაზრდას ასწავლის. ის მიიჩნევს, რომ მსგავსი საქმიანობის პოპულარიზაციისთვის ბევრი ახალგაზრდის გააქტიურებაა საჭირო.
,,ძალიან მიხარია, რომ ის ტრადიციები, რაც ძველად ჩვენს წინაპრებს ჰქონდათ, არ დავივიწყეთ და ვაგრძელებთ. იმისთვის, რომ ჩემს შემდეგ ეს ტრადიცია არ დაიკარგოს, ახალგაზრდები ჩავრთე ამ საქმეში. ჩემი შვილის გარდა, მყავს 27 წლამდე ორი ადგილობრივი მოსწავლე, რომლებსაც მეტალის გამოწრთობას, ხმლების, ფარების და სხვა ნივთების გაკეთებას ვასწავლი. მიხარია, რომ მომავალი თაობა გააგრძელებს ჩემს დაწყებულ საქმეს,’’- განაცხადა ალადაშვილმა.
არბოშიკელი მჭედელი სამომავლოდ საქმიანობის გაფართოვებას გეგმავს.