ახალი ამბები

მეფუტკრეობის კოოპერატივების განვითარების პროგრამაში რეგისტრაცია დაიწყო

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მეფუტკრეობის კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე (www.acda.gov.ge) დღეს გამოცხადდა და 5 მაისამდე გაგრძელდება. 
უწყების ცნობით, პროგრამით გათვალისწინებული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში კოოპერატივებს ღირებულების 30%-ად გადაეცემათ საკუთრებაში არსებული სკების იდენტური რაოდენობა, არაუმეტეს 100 ცალი, 1 ერთეული 12 ჩარჩოიანი თაფლის საწური (ციბრუტი), თაფლის შესანახი სხვადასხვა მოცულობის (40, 60 და 220 ლიტრიანი) ავზა, რომელთა ჯამური ტევადობა არ უნდა აღემატებოდეს 2 200 ლიტრს და ფიჭის ასათლელი დანა ელექტროგამაცხელებლით და ფიჭის ანათლის ავზით. 
,,იმ კოოპერატივს, რომელთა მეპაიეების 50%-ს შეადგენენ დევნილები ან/ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ასევე იმ კოოპერატივებს, რომელთა მეპაიეებს შეადგენენ მხოლოდ ქალები, კაპიტალური ინვესტირება გადაეცემათ ღირებულების 20% -ის ოდენობით. პროგრამაში მონაწილეს შეუძლია მოითხოვოს ნებისმიერი მისთვის სასურველი აღჭურვილობა როგორც ერთად, ისე ცალ-ცალკე.კოოპერატივის მიერ წარმოებული თაფლის ერთი ნიმუში უსაყიდლოდ შემოწმდება საქართველოს სოფლის მეურნეობის ლაბორატორიაში. მონაწილე, ასევე, მიიღებს ტექნიკურ დახმარებას „თაფლის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბერის №714 დადგენილების ძირითადი მოთხოვნების დანერგვასთან დაკავშირებით. პროგრამაში მონაწილე კოოპერატივი ვალდებულია სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გადაცემულ სკებში განათავსოს ფუტკრის ოჯახები სკების მიღებიდან 2 წლის ვადაში.პროგრამის მიზანია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების საფუტკრე მეურნეობების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება, მეფუტკრეობის პროდუქტების ხარისხისა და რაოდენობის ზრდა და წარმოებული თაფლის მიკვლევადობის უზრუნველყოფა“, -განაცხადეს სოფლის მეურნეობის სამინისტროში.