ნუკრიანის კულტურის სახლის რეაბილიტაცია გაურკვეველი ვადით გადაიდო

სათემო და საზოგადოებრივი ცენტრების წარმომადგენლები, რომლებიც აღნიშნულ შენობაში ფუნქციონირებდნენ, ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან უყურადღებობაზე საუბრობენ. სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობაში გასულ წელს ირწმუნებოდნენ, რომ კულტურის სახლი წელს უნდა აღდგენილიყო. დავით ჯანიკაშვილის უწყებაში სარეაბილიტაციო სამუშაოების გადადების მიზეზად საბიუჯეტო სახსრების ნაკლებობას ასახელებენ. 
სათემო კავშირ ,,ნუკრიანის” ხელმძღვანელი შენობის აღდგენის აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნული შენობის რეაბილიტაციის შესახებ გამგეობის რამდენჯერმე შეცვლილ გადაწყვეტილებაზე მიუთითებს. მაია ბიძინაშვილის ინფორმაციით, სათემო ორგანიზაციამ შენობის დაწვის და სამუშაოების შეჩერების გამო სერიოზული ფინანსური ზარალი მიიღო. 
,,ბევრჯერ შეცვალეს პოზიცია, გვეუბნებიან, რომ ხან რენტაბელურია და ხან არა ამ შენობის გაკეთება. გასაგებია, რომ არარენტაბელურია ამხელა შენობის რეაბილიტაცია, მაგრამ ჩვენთვის ღირებული და ძვირფასია მისი გადარჩენა, რომელიც ძველი საბჭოური არქიტექტურის არის. მესმის, რომ 300 და 500 ადგილიანი კლუბიც არ არის საჭირო, მაგრამ შესაძლებელი იყო მისი სხვანაირად მოდელირება და გაკეთება. ორი კვირის წინ კიდევ ვიცოდით, რომ უნდა გარემონტებულიყო ეს შენობა. გემგეობაში გვითხრეს, რომ შენობის რეაბილიტაციას მაღალმთიანი სოფლების განვითარების ფონდი დააფინანსებდა, რამდენიმე დღის წინ კი გამგებელმა გვითხრა, რომ თანხა, რასაც გვაძლევენ, არ არის საკმარისი და ამით მარტო გადახურვა შეიძლება მოხდესო. ეს მართლაც არ არის საკმარისი. ჭერის შეცვლას აზრი არ აქვს, თუ არ იქნება რეაბილიტირებული ის ფართი, რაც ჩვენ და სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებს ჰქონდათ დაკავებული. გამგებელმა 2017 წლის ბიუჯეტის განხილვისას გარკვევით თქვა, რომ 200 000 ლარი ნუკრიანის კულტურის სახლის გადახურვისთვის დაიხარჯება. ეს თანხა მანამდე გამოიყო, სანამ შენობა დაიწვებოდა. ხანძრის შემდეგ გამგებელმა გვითხრა, შევეცდებით დამატებით 80 000 ლარი კიდევ გამოვძებნოთო. დაპირება დაპირებად დარჩა. გვაინტერესებს, სად წავიდა ის თანხა, რომელიც გამოიყო’’,- განუცხადა KNEWS.GE-ს მაია ბიძინაშვილმა. 
მისი მტკიცებით, მას შემდეგ რაც კულტურის სახლი დაიწვა, მუშაობას სრულყოფილად ვერ ახერხებენ. ორგანიზაციამ რამდენჯერმე შეიცვალა ადგილმდებარეობა და ახლა ერთ-ერთი ადგილობრივის საცხოვრებელ სახლში ფუნქციონირებს. მაია ბიძინაშვილი სხვა პრობლემებზეც საუბრობს და მიუთითებს, რომ სათემო ორგანიზაცია სხვადასხვა პარტნიორი ორგანიზაციის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსშიც ვერ მონაწილეობს. ბიძინაშვილი აღნიშნავს, რომ შენობა, რომელშიც ამჟამად სათემო ცენტრია განთავსებული, ორგანიზაციის საკუთრებაში არ არის და მისი იჯარით აღებასაც ვერ ახერხებენ.
,,ოფისი მთლიანად განადგურდა ისე, რომ შიგნით ვერც შევდივართ. რაც ცეცხლს გადაურჩა, ეხლა ზემოდან ათოვს, აწვიმს და უფრო მეტად ნადგურდება. გამგებელმა თქვა, რომ 2017 წელს განხორციელდება შენობის დემონტაჟი და გაიყიდება, საიდანაც დამატებით შემოვა თანხა და ავაშენებთ ახალ თანამედროვე შუშებიან შენობასო, ეს დაუშვებელია. ახლა ჩემი ნათესავის სახლში გადავედით, წლობით დაკეტილი იყო, არც თანხას არ ვიხდით, მაგრამ სხვა პრობლემა შეგვექმნ. ჩვენმა პარტნიორებმა რომ თანხა ან გრანტი მოგვცენ, შენობა, სადაც სახელოსნოა, ჩვენ უნდა გვეკუთვნოდეს ან იჯარით უნდა გვქონდეს აღებული. ეს სახლიც დარეგისტრირებული არ არის, რომ რამე მოგვეხერხებინა. ,,ელკანა“ გვიფინანსებდა პროექტს, რომლითაც შეგვეძლო ტექნიკა გვეყიდა’’,- განაცხადა მაია ბიძინაშვილმა.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ სოფლის კულტურის სახლის რეაბილიტაცია მომავალ წელს დაიწყება. გამგებელი, დავით ჯანიკაშვილი ამბობს, რომ შენობის სრული რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან ვერ გამოიყო. მისივე მტკიცებით, წლევანდელი ბიუჯეტიდან გამოყოფილი 200 000 ლარით მხოლოდ ჭერის შეკეთება იყო შესაძლებელი, თუმცა სამხარაულის ბიურო გამგეობას სახურავის გადახურვის რეკომენდაციას არ აძლვევს, რადგან დაზიანებულია შენობის საყრდენი კედლები. 
,,წელს ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული თანხა შენობის რეაბილიტაციისთვის, მაგრამ მომავალ წელს იქნება გამოყოფილი. როდესაც ბიუჯეტის დაგეგმვის დროს ამ შენობის რეაბილიტაციაზე ვისაუბრე, მაშინ 200 000 ლარის გათვალისწინებას ვფიქრობდი, რომ ჭერი შეგვეცვალა. მას მერე მოხდა ხანძარი, შენობა მთლიანად დაზიანდა და ის თანხა არაფერს არ ეყოფოდა. შენობის სრული რეაბილიტაციისთვის სულ მცირე 800 000 ლარია საჭირო. ჭერი მთლიანად დამწვარია, დაბლა საყრდენი კედლებია დაზიანებული და ყველაფერს უნდა ახლიდან გაკეთება. სამხარაულის ბიურომ დადო დასკვნა, რომ კედლები არის დაზიანებული და ჭერის გაკეთება ტყუილად გადაყრილი თანხა იქნებოდა, ამიტომ წელს ეს ვერ მოხერხდება“, – განუცხადა KNEWS.GE-ს დავით ჯანიკაშვილმა.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებელი ასევე გამორიცხავს ნუკრიანის კულტურის სახლის შენობის დემონტაჟს. დავით ჯანიკაშვილი ირწმუნება, რომ შენობის რეაბილიტაცია მომავალ წელს დაიწყება.
„არც შენობის დანგრევა იგეგმება, ამაზე საუბარი არ ყოფილა ჯერ-ჯერობით. შენობის რეაბილიტაციისთვის პროექტი უკვე შესყიდული მაქვს. მისი მიხედვით, ჯერ საყრდენი კედლები და სარტყელი უნდა გაკეთდეს, ასევე ჭერი და განხორციელდეს 6-7 ოთახის რეაბილიტაცია. ეს დაახლოებით 560 000 ლარი დაჯდება. მომავალ წელს ალბათ გვექნება საშუალება, რომ ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოვყოთ ეს თანხა თუ არა და რეგიონული განვითარების ფონდიდან თანადაფინანსებით გავაკეთებთ. შენობა მომავალ წელს აღდგება. ამის პირობას ვაძლევ ყველას’’, – აღნიშნა ჯანიკაშვილმა. 
შემოდგომაზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდება. საინტერესოა, ახალი ხელისუფლება შეასრულებს თუ არა ჯანიკაშვილის დადებულ პირობას და აღადგენს ნუკრიანის კულტურის სახლს.