ახალი ამბები

ლაგოდეხში ბლუზის საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდება

ამის შესახებ სასტუმრო Best Western Tbilisi Art Hotel-ის საკონფერენციო დარბაზში გამართულ პრესკონფერენციაზე ფესტივალის ორგანიზატორებმა განაცხადეს.
მათი განცხადებით, ბლუზი ცხოვრების წესია და დიდი ტრადიციების მქონე საქართველო იმსახურებს, აღნიშნული ფესტივალი სწორედ კახეთში ჩატარდეს. 
“რეგიონალური განვითარებისთვის ეს ერთ-ერთი ხელშემწყობი პირობაა. ზოგადად, კახეთი მრავალფეროვანი რეგიონია და მნიშვნელოვანია, ლაგოდეხიც გახდეს აქტიური მხარე. ადგილობრივებისთვის კი კარგი შანსია, ტურისტულ ზონაში გარკვეული სახის ბიზნესი დაიწყონ. ბლუზი ბრუნდება საქართველოში, 10 ქვეყნიდან ჩამოდიან მომღერლები, მათ შორის ერთ-ერთი იქნება მიკ ჯაგერის ძმა. ლაგოდეხის ნაკრძალის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდება 13 კონცერტი, ბოლო კონცერტი გასაიდუმლოებულია და სიურპრიზი იქნება“, – განაცხადა ფესტივალის დამაარსებელმა და ბლუზმენმა კოკა ცქიტიშვილმა.
ფესტივალი 9-10 ივნისს დაიწყება და 3 სექტემბერს დასრულდება. 
ფესტივალი BLUES&WINE – BlUES VILLAGE საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ტურიზმის დეპარტამენტის თანადგომითა და მხარდაჭერით ხორციელდება.