სტატიები

ყვარლელი მეღვინე პროდუქტის ექსპორტს შვიდ ქვეყანაში ახორციელებს

მეღვინე ამბობს, რომ მამაპაპისეულ სახლში ერთ–ერთ ქვევრს ტუჩზე ერეკლე II–ს დროინდელი მეთუნის ბეჭედიც აქვს. მან მარანი სრულად 90–იან წლებში აღადგინეს და ქვევრებში ღვინის დაყენებაც მალევე განაახლა.
,,90–იანი წლების ბოლოს რქაწითელის ვენახებს მივამატეთ მწვანე და საფერავი. პარალელურად დავიწყე ძველი კახური ჯიშების ქისის და ხიხვის გაშენებაც. მე ვფიქრობ, რომ ერთ–ერთმა პირველებმა დავიწყეთ ამ ჯიშებიდან ღვინის დაყენება და ბოთლში ჩამოსხმა. ჩვენი ვენახები ყვარელში, სოფელ ჭიკაანის ჩრდილოეთით მდებარეობს. ნაკვეთები “ნაოტრების” სახელითაა ცნობილი და ქვაიანი ნიადაგით გამოირჩევა“, – განუცხადა knews.ge-ს მეღვინემ.
კობა ქვაჭრელიშვილი ირწმუნება, რომ 3 სახეობის ბიო ღვინო, რომელსაც საკუთარ მარანში ამზადებს, გემოვნური თვისებებითა და ნატურალობით გამოირჩევა. მეღვინე პროდუქტის ექსპორტს 3 წელია ახორციელებს.
,,ჩემი ვენახები 18 წლისაა, ვფიქრობ, ყველაზე ძველიც. ვენახები გაშენებული მაქვს 3.5 ჰექტარზე. არავითარ დანამატს არ ვუკეთებ ღვინოს, არის ბიო, გემრიელი და სანდო, იხდება და ვარგდება ჭაჭაზე 6 თვის განმავლობაში. ღვინო არის საკმაოდ ძვირადღირებული, ვყიდი როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. ადგილობრივი ბაზარი ძირითადად არის თბილისში მდებარე ბარები, ღვინის სარდაფები და რესტორნები. რაც შეეხება საზღვარგარეის ქვეყნებს, ექსპორტს ვახორციელებთ იაპონიაში, გერმანიაში, ამერიკაში – ვაშინგტონში, შვეიცარიაში, ასევე ავსტრიასა და სლოვენიაში. დაინტერესებულები არიან ჩინელებიც, ადგილზეც იმყოფებოდნენ ჩემთან“, – ამბობს ქვეჭრელიშვილი.
კობამ ინგლისში სულ ახლახანს გააფორმა ხელშეკრულება, რის საფუძველზე, ბიოპროდუქტს უახლოეს მომავალში ბრიტანეთის ბაზარზეც გაიტანს.
,,მონაწილეობას ვიღებთ ბევრ გამოფენაში, დეგუსტაციაში როგორც აქ, ისე ქვეყნის გარეთ. ჩვენი ღვინოები ყველგან დიდი მოწონებით სარგებლობს. საქმეს თავად მე ვაკეთებ, მეხამრებიან შვილები, ბიჭები, რომლებიც ძირითადად, ექსპორტისა და მარკეტიტინგის საკითხებს აგვარებენ. ბოლო კონკურსი, რომელიც გერმანიაში 2016 წლის 25 დეკემბერს ჩატარდა, და არასდროს ქვევრის თეთრ ღვინოს არ მიუღია მაღალი შეფასება, ჩვენმა ღვინომ მიიღო უმაღლესი ქულა. 100–დან 98 ქულა დავიმსახურეთ“, – აცხადებს მეღვინე.
კობა ქვაჭრელიშვილი დამწყებ მეღვინეებს კონსულტაციას უწევს. მისი განცხადებით, ქვევრი უნდა იყოს სუფთა და ხარიასხიანი, ასევე, ყურძენი ნატურალური ბიოღვინოს წარმოებისთვის.
,,აუცილებელია ცოდნის მიღება ჩვენს სფეროში. კარგი ღვინის დაყენება მოითხოვს დიდ შრომას. დამწყებმა მევენახე–მეღვინეებმა უნდა იცოდნენ, რომ კარგი ქვევრების შერჩევა და მარანის ჰიგიენა ბევრს განაპირობებს, ყურძნის მოყვანის ტექნოლიეგები კიდევ სხვა საკითხია. მე ამ თემებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს კონსულტაციებს სიამოვნებით ვუწევ და გამოცდილებას ვუზიარებ. ჩვენ გამოვეცით წიგნიც, რომლის მეშვეობითაც ყველას შეუძლია, გაეცნოს ბიოღვინოს დაყენების ტექნოლოგიებსა და ასევე, ვენახის მოვლის წესებს“, – განუცხადა knews.ge-ს კობა ქვაჭრელიშვილმა.