ბლოგები

კისისხევი: კარგი სოფელი, კარგი სახლი, კარგი ქალები და კარგი იდეები

ანა მარგველაშვილის ბლოგი

რამდენიმე წლის წინ გამიმართლა და, მარიკა ლაფაური გავიცანი. იმხანად მე ძირითადად სიღნაღის მუნიციპალიტეტში ვმუშაობდი, სოფელ ნუკრიანში „ნუკრიანის სახელოსნოების“ განვითარების, სოფლის კულტურის სახლის გადარჩენა- გაცოცხლების  და სხვა პროექტებში ვიყავი ჩართული  სათემო კავშირ „ნუკრიანთან“ და სოფლის ყველაზე აქტიურ და დაუზარელ ადამიანთან, მაია ბიძინაშვილთან ერთად. სწორედ სოფლად მუშაობის გამოცდილებამ და ზოგადად, სოფლის გულშემატკივრობამ შეგვახვედრა მე და მარიკა. ერთმანეთს ჩვენი დაკვირვებები, დარდები და იდეები გავუზიარეთ.  ვიფიქრეთ რა შეიძლებოდა ერთად გაგვეკეთებინა და ცოტაც პრობლემზე ვილაპარაკეთ. ამ დღიდან დაიწყო ჩემი ნაცნობობა სოფელ კისისხევთან.

მარიკა დიდი ხანია გერმანიაში ცხოვრობს; ზუსტად არ ვიცი როდის გადაწყვიტა იქ მიღებული გამოცდილებით და კერძო პირების შემოწირულობებით სოფელს დახმარებოდა.  ერთი რაც დანამდვილებით ვიცი, რომ უკვე ბევრი წელია ცდილობს რაც შეიძლება მეტ ადამიანს გააცნოს და შეაყვაროს სოფელი კისისხევი, ზრუნავს სოფლის მეხსიერების კვლევაზე, ადგილობრივი, საოჯახო არქივების დიგიტალიზაციაზე და შენარჩუნებაზე; იკვლევს სოფლის კულტურის რესურსებს და ცდილობს გერმანიიდან თანხები მოიძიოს სოფლის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გადასარჩენად. ბევრი რამე შეძლო და რაღაცეებიც ვერა, იმიტომ რომ უამრავი წინააღმდეგობა ხვდება აქ სხვადასხვა დონეზე, ხანდახან ძალიან იღლება და მაინც, სულ გვახსენებს სოფელს და მის პრობლემებს, გვიზიარებს განვითარების თავის ხედვებს და მოგვიწოდებს სოლიდარობისაკენ.

2014 წელს, მარიკას ინიციატივით, ძალისხმევით და უშუალო ჩართულობით, გერმანული ორგანიზაცია giz (გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება) მხარადაჭერით, სოფელში, ძველ მაღაზიაში საჯარო კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცე „კარგი სახლი“ გაიხსნა. რა რის „კარგი სახლი“ და რისთვის არსებობს ის? ეს არის სივრცე განათლებისთვის, დისკუსიისთვის, პრობლემებზე მსჯელობისა და გამოსავლის ერთად ძიებისათვის. ადგილი, კულტურისა და შემეცნებისთვის, თავშეყრისა და სოლიდარობისათვის.

„კარგი სახლი“ რომ გაიხსნა, მარიკამ პატარა ზეიმი მოაწყო სოფელში. უამრავი სტუმარი ჩავიდა. სათემო განვითარების ცენტრის დახმარებით, სადაც მე ვმუშაობ, კარგ სახლში ხელგარჯილობის პატარა სახელოსნოს ამოქმედებაც გახდა შესაძლებელი.  თექის არაჩვეულებრივი ოსტატი ია მსუქნიშვილი, დღესაც მუშაობს სახელოსნოში და თუკი ვინმეს კარგი სახლის და იქაური საგანმანათლებლო პროგრამების მხარდაჭერა მოგინდებათ, შეგიძლიათ თქვენთვის სასურველი ნაკეთობა შეუკვეთოთ იას. მხარდაჭერა რა თქმა უნდა „კარგი სახლისთვის“ შემოწირულობების გაღებითაც არის შესაძლებელი. ნებისმიერი თანხა – სოფლად საგანმანათლებლო და კულტურის პროგრამების ამოქმედებას ხმარდება.

ცოტა მოგვიანებით,  კისისხევს სხვანაირადაც დავუკავშირდი. საქმე ისაა, რომ რამდენიმე წლის წინ ორგანიზაციის „World Vision Georgia“ სამხარეო განვითარების პროგრამამ კახეთში მეფუტკრეების დახმარება დაიწყო. დაინტერესებულ ადამიანებს მეფუტკრეობასაც ასწავლიდნენ და მერე საქმის წამოსაწყებად სკებით და სხვა საჭირო ინვენტარითაც ამარაგებდნენ. გარკვეული  ხნის მერე, კახეთის მეფუტკრეთა ასოციაციაც დაფუძნდა და რაღაც ხანი სოფელ ნაფარეულში, სათემო განვითარების ცენტრის სახლში ჰქონდათ მოწყობილი სამუშაო სივრცე. სოფელი კისისხევიდან მეფუტკრეობის განვითარების პროგრამაში და ასოციაციის მუშაობაშიც რამდენიმე ქალი იყო ჩართული. რადგან თანასოფლელები იყვნენ, ერთი ძალიან საინტერესო ტრადიცია ჰქონდათ: თვეში ერთხელ ან ორჯერ იკრიბებოდნენ და ერთმანეთს სამუშაო გამოცდილებას, სიახლეებს, პრობლემებს უზიარებდნენ, ხვდებოდნენ უფრო გამოცდილ მეფუტკრეებს და სწავლობდნენ. შეხვედრები სათემო ცენტი „კისკისას“ ოთახში ტარდებოდა. სათემო ცენტრი სოფელში უკვე რამდენიმე წელია მუშაობს – სოფლის პრობლემების შესაბამისად. მე ძალიან მომწონს თანამშრომლობის და ურთიერთდახმარების ეს ინიციატივა. ვითომ რა მარტივია არა? მაგრამ, რომ დავფიქრდეთ ასეთი თვითმოქმედების არც თუ ისე ბევრი მაგალითი გაგვახსენდება. სამწუხაროდ.

2016 წელს, სათემო განვითარების ცენტრი, პოლონეთის მთავრობის დახმარებით, კახეთის რეგიონში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის პროგრამას ახორციელებდა, სულ ოთხი ინიციატივის საწყისი დაფინანსება იყო შესაძლებელი. რა გასაკვირია, რომ კისისხეველმა მეფუტკრე ქალებმაც შემოიტანეს განაცხადი სასოფლო სამეურნეო კოოპერატივის დაფუძნების შესახებ. კონკურსის ყველა ეტაპი გაიარეს და კოოპერატივი „თაფლიანი“ დააფუძნეს. შეისყიდეს თაფლის წარმოებისათვის საჭირო სხვადასხვა დანადგარი,  რომელსაც კოოპერატივის თითო მეპაიე თანაბრად გამოიყენებს, დაამზადეს სავაჭრო ნიშანი და ნელ-ნელა მომხმარებელს კისისხევში, სხვადასხვა მეფუტკრის მიერ  დამზადებულ  თაფლს შესთავაზებენ. თან ინდივიდუალურად და თან საერთო ნიშნით. ასე, რომ ყურადღებით იყავით! ამ ქალების მხარდაჭერა იცით რას ნიშნავს? ახალ იდეებს, ახალ წამოწყებებს, სოფლად მცირე ბიზნესის განვითარებას, ქალების გაძლიერების და თვითდასაქმების მხარდაჭერას.

ამასობაში წლებიც გავიდა და სოფელ კისისხევში რამდენიმე კარგმა ადამიანმა იყიდა სახლი. ახლა იმათი ფოტოების თვალიერება-თვალიერებაში კიდევ უფრო მეტად მომეწონა ეს სოფელი. ერთი სოფელი, სადაც ამდენი კარგი ამბავი ხდება.

მე რომ თელავში ან მის შემოგარენში სასტუმრო ან რესტორანი  მქონდეს,  აუცილებლად ვითანამშრომლებდი კარგ სახლთან, თექის სახელოსნოსთან, კოოპერატივ თაფლიანთან – ვიქნებოდი მათი პროგრამების მხარდამჭერი და მათი პროდუქტის შემსყიდველი და ეს იქნებოდა ჩემი, როგორც რეგიონში მოქმედი ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა – სოფლის, სოფლად შექმნილი პროდუქციის, სოფლის მაცხოვრებელი ქალების დახმარება და გაძლიერება. მეც გამეხარდებოდა, რომ რეალურ დახმარებას ვახერხებ და სოფელიც უფრო გაყოჩაღდებოდა.

ამასწინათ ფეისბუქზე მარიკა-ლაფაურის დადებულ ფოტოებს და კომენტარს გადავაწყდი: „კიდევ გვინდა იმის და ამის გაკეთება, შეგვიძლია კიდევაც, მაგრამ არ ვიცი, საამისოდ რატომ უნდა ვიბრძოლო კიდევ ამდენი?“ ეს სიტყვები ძალიან ჩამრჩა. არ მინდა იმ ერთეულმა ადამიანებმა, რომლებიც დღეს საქართველოში სოფლის გაძლიერებაზე ფიქრობენ, იქ მაცხოვრებელ ახალგაზრდებზე, ქალებზე შეტკივათ გული, მოტივაცია დაკარგონ, დაიღალონ უაზრო დაბრკოლებებთან ბრძოლით და ხელი ჩაიქნიონ. ეს ძალიან, ძალიან დიდი დანაკლისი იქნება რეგიონებისთვის. თითო ასეთი ადამიანის შრომა ფასდაუდებელი მგონია.

ამიტომ მომინდა მარიკასთვის მეთქვა, კისისხევი – ეს მშვენიერი სოფელი და კარგი სახლი, როგორც იდეა და სივრცე, ასევე კისისხეველი ძალიან გამრჯე ქალები, (რომელთა გარეშეც სოფელს კი არა, ქვეყანას გაუჭირდებოდა) – ეს ყველაფერი მაინც ღირს ბრძოლად და „ამის და იმის“ კეთებად!