სტატიები

დანერგე მომავალი – რა შედეგები მოიტანა სახელმწიფო პროგრამამ კახეთში

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს კახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსი ზურა წიგნაძეს ინფორმაციით, რეგიონში პროექტის ფარგლებში 1122 ჰექტარზეა გაშენებული მრავალწლიანი კულტურები.
,,პროგრამა დაიწყო 2015 წელს. ამ ეტაპზე მოსავალი მიღებული არ არის, რადგან მრავალწლიანი ნარგავები მოსხმოიარობაში შედის 5 წლის შემდეგ. ჩვენს რეგიონში ყველაზე მოთხოვნადია კაკლოვანი კულტურები – კაკალი გაშენებულია 580, თხილი 175, ხოლო ნუში 163 ჰექტარზე. ასევე, გაშენებულია ატამი, ბალი, ბროწეული, გარგარი, ვაშლი, კომში, მსხალი, ქლიავი და ხურმა. მოთხოვნის საფუძველზე ბოლო წელს დაემატა კენკროვანი კულტურები – ჟოლო და უეკლო მაყვალი, რისი ტენდენციაც მზარდია. პროექტის ფარგლებში ბაღები გაშენებულია თანამედროვე ტექნოლოგიით. მაგალითისთვის, წვეთოვანი სისტემა არის ეკონომიური და ეკოლოგიურიც, ნაკლები წყალი და ბუნებრივი რესურსებია საჭირო“, – განაცხადა knews.ge-სთან ზურა წიგნაძემ.
მისივე თქმით, პროექტით მოსარგებლეებისთვის ძირითად პრობლემას დაურეგისტრირებელი მიწები და ნაკვეთებთან ახლოს სარწყავი წყლის სისტემის გაუმართაობა ან არარსებობა წარმოადგენს.
,,პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო ფარავს ნერგის ღირებულების 70%-ს, ხოლო სარწყავ სისტემას 50%-ით აფინანსებს. მიწის ნაკვეთი უნდა იყოს 1-დან არაუმეტეს 20 ჰექტარისა. პროექტის მიხედვით მოსარგებლე ვალდებულია, მოაწყოს წვეთოვანი სარწყავი სისტემა. ნაკლები რისკია იმისა, რომ ნარგავები გახმეს, პროექტი რისკებს არ აფინანსებს. მოთხოვნილი თანხა წვეთოვანი სისტემის მოწყობისთვის არ უნდა აღემატებოდეს 2500 ლარს. მაგალითად, 1 ჰექტარზე წვეთოვანი სისტემის მონტაჟი თუ ჯდება ჯამში 5000 ლარი, სახელმწიფო რიცხავს 2500 ლარს, ამდენივე ირიცხება 6000 ლარის შემთხვევაშიც,“ – განმარტავს ზურა წიგნაძე.
კახელი ფერმერები სარწყავი სისტემის გაუმართაობაზე წლებია ჩივიან. მათი თქმით, სოფლებში მოშ¬ლილია სარწყავი და სადრენაჟო სისტემები. ფერმერებისვე მტკიცებით, საირიგა¬ციო სისტემის ძირეული რეაბი¬ლიტაცია უნდა განხორციელდეს, რომ წყლის დანაკარგი დიდი არ იყოს და ის ყველას ნაკვეთამდე მივიდეს. 
,,წლებია ამ საკითხის მოგვარებას ვითხოვთ. ევროკავშირის ბაზარზე ზედმეტია საუბარი, არსებული მდგომარეობით ვერც პროექტებს მოვიგებთ და ვერც წინ წავიყვანთ ჩვენს საქმეს. ჩვენთვის ვერ მოგვიყვანია მოსავალი სისტემის გაუმართაობის გამო. მიწების რეგისტრაციაც პრობლემაა, მოგვიგვარონ ეს საკითხები, იქნებ გრანტებიც მოვიგოთ, რომ სოფლის მეურნეობა პრიორიტეტული და სარგებლის მომტანი დარგი გახდეს. დაგვეხმარონ რომ სოფელი გაძლიერდეს. წინა წლებშიც დიდი ზარალი ვნახე, ძლიერი სიცხის გამო ვენახები და ხეხილის ბაღები გახმა. თუ სარწყავი სისტემის სრული რეაბილიტაცია მოხდება, გაუმჯობესდება ერთწლიანი და მრავალწლიანი კულტურების წყალუზრუნველყოფა, რის შე-მდეგაც გაიზრდება საშუალო საჰექტარო მოსავლიანობა“, – აცხადებს knews.ge-სთან ბადრი ჯაჭვაძე.
რაც შეეხება მიწის რეგისტრაციას, გასული წლის პირველი აგვისტოდან ძა¬ლაში შევიდა ახალი კანონი. როგორც knews.ge-სთან უსტიციის მინის¬ტრმა თეა წულუკიანმა აღნიშნა, რეფორმის დაწყების მიზეზი მიწის რეგისტრაციის კუთხით არსებუ¬ლი პრობლემები გახდა.
,,გასული წლის პირველი აგვისტოს მონაცემებით, ქვეყანაში არსებული მიწის ნაკვეთების მხო¬ლოდ 25% იყო რეგისტრირებული. რაც მეტი მოქალაქე ისარგებლებს ჩვენი შეთავზებით, მით უფრო გაუმარტივდება სხვადასხვა პროგრამაში მოანწილეობის მიღება. ამის გარდა, რეფორმა უძრავი ქონების რეგის¬ტრაციის პროცედურების გამარტივებასა და მესაკუ-თრის უფლებების დაცვაზეა ორიენტირებული“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
რაც შეეხება პროექტის სიცოცხლისუნარიანობას, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, მზარდია.
,,მრავალწლოვანი კულტურების, ძირითადად, თხილი, ვაზი, ხეხილი, ზრდის ტენდენცია განსაკუთრებით აღსანიშნავია კახეთის რეგიონში. მრავალწლოვანი კულტურების ფართობების ზრდის ტენდენცია მნიშვნელოვნად განაპირობა სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ინიცირებულმა პროექტმა – „დანერგე მომავალი“, რომელსაც სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს. აღნიშნული პროექტის მიზანია სასოფლო-სამეურნეო მიწების ეფექტიანობის გაზრდა მრავალწლიანი კულტურების გაშენების გზით, რაც იმპორტირებული პროდუქციის ჩანაცვლებასა და საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენების საშუალებას იძლევა“, – აღნიშნავს knews.ge-სთან სოფლის მეურნეობის მინისტრი.
გურჯაანის რაიონის სოფელ ქოდალოში პაატა ბუცხრიკიძემ კაკლის ბაღი გააშენა. მისი განცხადებით, მრავალწლიანი კულტურა ამ ეტაპზე მოსავალს არ იძლევა, თუმცა იმედი აქვს, რომ რამდენიმე წელიწადში უხვ მოსავალს მიიღებს.
,,პროგრამაში 2015 წელს ჩავერთე და 7.5 ჰექტარზე კაკლის ბაღის გაშენებისთვის და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის 45,308 ლარის სახელმწიფო დაფინანსება მივიღე. 30,450 ლარი ნერგებზე, ხოლო 14,858 ლარი წვეთოვანი სისტემებისთვის იყო განკუთვნილი. იმედია მაქვს, წარმატებული იქნება ჩემი საქმე“, – აცხადებს knews.ge -სთან ბუცხრიკიძე.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს კახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსი ზურა წიგნაძეს ინფორმაციით, პროექტის მოსარგებლეებისთვის იგეგმება ცოდნის ამაღლება მარკეტინგსა და მენეჯმენტში.
,,პროექტში ჩართულ მოქალაქეებს საკუთარი პროდუქციის საღვარგარეთ გატანის მეტი შანსი ექნებათ, რადგან მათ მიერ წარმოებული პროდუქტი მეტად ხარისხიანი იქნება, ვიდრე ტრადიციულად მოყვანილი. 
ჩვენ ვეხმარებით საჭირო საბუთების შეგროვებაში, ვაკავშირებთ ლაბორატორიასთან, სანერგე მეურნეობებთან, წვეთოვანი სარწყავი სისტემის კომპანიებთან, რომლებიც ამ პროექტში არიან ჩართული. ვაწვდით ინფორმაციას მაგალითად კაკლოვანი კულტურების გაშენება როგორ ხდება, ვურიგებთ ბროშურებს იმ კულტურის შესახებ რაც აინტერესებს. გვაქვს კავშირი სამეცნიერო კვლევით ცენტრთან, სადაც გაერთიანებულია ყველა დარგის სპეციალისტი და ისინი უწევენ უფასო კონსულტაციას“, – ამბობს წიგნაძე.
მისივე განცხადებით, პროექტით მოსარგებლემ უნდა იცოდეს იმ საჭირო დოკუმენტაციისა და მოთხოვნების შესახებ, რასაც პროგრამა ითვალისწინებს.
,,საჭიროა პროექტების მართვის სააგენტოში ლაბორატორიიდან ნიადაგის ანალიზის კვლევის შესახებ ცნობა, ასევ,ე ცნობა სამეცნიერო კვლევითი ცენტრიდან რომ მოცემული ტიპის ნიადაგზე შესაძლებელია იმ კულტურის გაშენება რასაც მოსარგებლე ითხოვს. ცნობა ადგილობრივი საკონსულტაციო სამსახურიდან რომ ნიადაგი დამუშავებულია და ნაკვეთთან არის წყლის სისტემა. ასევე, ცნობა იმის შესახებ რომ მოსარგებლეს არ აქვს დავალიანება შემოსავლების სამსახურიდან, საკადასტრო ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და საკადასტრო ნახაზი. ასევე, საჭიროა მათი ინვოისები, ვისგანაც ყიდულობენ ნერგს, და ვისაც უკვეთავენ წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობას“, – განმარტავს ზურა წიგნაძე.