„სოფელ გიორგეთის სკოლაში უამრავი გველია, კლასებშიც კი ამოდიან“

პრობლემის შესახებ ინფორმაციას ფლობენ ლაგოდეხის საგანმანათლებლო რესურსცენტრში, თუმცა პანიკის საფუძველს ვერ ხედავენ. სოფლის სკოლის ხელმძღვანელობა კი ამ საკითხის რეგულირების მიზნით რაიონში ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის შექმნის აუცილებლობაზე მიუთითებს. სოფელ გიორგეთის საჯარო სკოლაში გველების მომრავლებაზე ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა. მშობლები ამბობენ, რომ სკოლასთან ახლოს დაჭაობებული ტერიტორიაა, რომელიც წარმოადგენს ქვეწარმავლების გამრავლების მთავარ კერას. ნათია ჯოხარიძე, რომლის შვილი გიორგეთის სკოლაში იღებს ზოგად განათლებას, ირწმუნება, რომ გველები ხშირად საკლასო ოთახებში შედიან და მოსწავლეებს სერიოზულ საფრთხეს უქმნიან. 

„გველები უკვე გამოსულები არიან. ლაგოდეხის რაიონის სოფელ გიორგეთის საჯარო სკოლაში არის უამრავი გველი, კლასებშიც კი ამოდიან. პირველ კლასში უკვე ნახეს და მოკლეს. მშობლებს ძალიან გვეშინია და გვინდა, ვინმე დაგვეხმაროს“, – აღნიშნავს ნათია ჯოხარიძე. 

ლაგოდეხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი მანანა ჩიკვაძე გიორგეთის სკოლაში გველების მომრავლების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გაზვიადებულად აფასებს, თუმცა ამბობს, რომ ქვეწარმავლები საგანმანათლებლო დაწესებულებაში რამდენჯერმე შენიშნეს. 

„ეს სიტუაცია სოფლის სკოლებისთვის დამახასიათებელია, როდესაც მიმდებარე ტერიტორიაზე არის მშრალი ტბა, ყანები და ა.შ. შარშან, შარშანწინაც იყო ერთეული შემთხვევები. მომავალში გველი შეიძლება კიდევ გამოვიდეს, რადგან თბება და სეზონი იწყება. მოსწავლეების უსაფრთხოების მიზნით სკოლამ წინა წელსაც გაატარა პრევენციული ღონისძიებები და ეხლაც გაატარებს“, – განუცხადა Knews.ge–ს მანანა ჩიკვაიძემ. 

გველების მომრავლებას და საკლასო ოთახებში ქვეწარმავლების გამოჩენას უარყოფენ გიორგეთის საჯარო სკოლაში. სოფლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი თამარ მაისურაძე ამბობს, რომ სკოლაში პრევენციულ ღონისძიბებს თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სამსახური გაატარებს. 

„სკოლაში ქვეწარმავლების მომრავლებას ნამდვილად ვერ დავადასტურებ. წელს იყო ერთეული შემთხვევა, რომ სკოლის შემოგარენში იყვნენ ქვეწარმავლები. სკოლის შენობის უკანა მხარეს, კიბეზე მასწავლებელმა შენიშნა გველი. მაშინვე დავრეკე 112–ზე. ინფორმაცია მივაწოდეთ რესურსცენტს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელს, განათლების სამინისტროს. თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენლები ჩამოვლენ. ისინი სკოლის პერიმეტრს და შენობას სპეციალური ამიაკის ხსნარით დაამუშავებენ. ჩვენ გასულ წელსაც გავატარეთ შესაბამისი ღონისძიებები და ვფიქრობთ, რომ წელს უკეთესი მდგომარეობა იქნება“, – განუცხადა knews.ge–ს თამარ მაისურაძემ. 

სოფელ გიორგეთის საჯარო სკოლის დირექტორი ამ საკითხის რეგულირების მიზნით რაიონში მსგავსის სტრუქტურის შექმნის აუცილებლობაზეც საუბრობს. 
„აუცილებელია რაიონში იყო ისეთი სამსახური, რომელიც ქვეწარმავლებთან და ცხოველებთან დაკავშირებით იმუშავებს. როდესაც იქნება ასეთი შემთხვევები, ამ სტრუქტურას მივმართავთ“, – ამბობს მასურაძე. 

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ევა ლომთაძე დეტალური კვლევის ჩატარებაზე მიუთითებს და აღნიშნავს, რომ სკოლაში პერევენციული ღონისძიებები სისტემატიურად უნდა ჩატარდეს. მისი ინფორმაციით, ტალღოვანი ბადეების განთავსება ქვეწარმავლებისგან ერთ–ერთი ყველაზე ეფექტური თავდაცვითი საშუალება იქნება. 

„ჩატარებული სამუშაოები რამდენად ეფექტური იქნება, თუ ამას სისტემატური ხასიათი არ ექნება. აუცილებელია გარკვევა გველის რა სახეობაა, რა პოპულაცია, იქნებ არის გასათალისწინებელი კიდევ დამატებითი ღონისძიებების გატარება. საჭიროა უფრო ომპლექსურის კვლევის ჩატარება. შესაძლოა ერთგვარი ტალღოვანი ბადეების გამოყენება. საინტერესოა, რა მანძილზე შეიძლება ამ საშუალებებით თავის დაცვა, რა ეღირება ასეთი მოწყობილებები, რომ შეიძინონ მუნიციპალიტეტებმა და ბაგა-ბაღებში, სკვერებში, სკოლებთან რომ განთავსდეს“, – განუცხადა knews.ge–ს ევა ლომთაძემ.