სტატიები

კახეთის რეგიონში გამოკითხულთა 71% ითხოვს აგრარულ საკითხებზე ინფორმაციის მიწოდებას

მოსახლეობა, ასევე, არ არის ინფორმირებული სოფლის მეურნეობის დარგებზე, მიწების დამუშავების ვადებზე, ხეხილის მოვლასა და სხვა აგრარულ საკითხებზე. სოფლის მეურნეობის საკითხების ეკონომიკური და სოციალური აქტივობისა და, აგრეთვე, არსებული მედიაგარემოს შესაფასებლად გამოიკითხა სოფლად მცხოვრები 270 მოქალაქე. გამოკითხულთა 71% ითხოვს სოფლის მეურნეობის საკითხებზე ინფორმაციის მიწოდებას. 
პროექტი დამოუკიდებელი მედია ორგანიზაცია „კახეთის ხმის“ ინიციატივის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს სოფლის მეურნეობის საკითხებზე დაინტერესებული აუდიტორიისათვის სიღრმისეული და საგანმანათლებლო პროდუქტის მიწოდებას. გაზეთ ,,კახეთის ხმის“ დამფუძნებელი, მაია მამულაშვილის მედია ორგანიზაციაში სპეციალური სტრატეგიის შემუშავებაზე მიუთითებს და აღნიშნავს, რომ მედია უნდა იყოს ორიენტირებული, გააშუქოს ის ინფორმაცია, რაც მოსახლეობას აინტერესებს. 
,,კვლევის შედეგებიდან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სოფლად მცხოვრები მოსახლეობის 71% დაინტერესებულია სოფლის მეურნეობით და ეს არის მედიისთვის ძალიან დიდი გამოწვევა. მოსახლეობისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და მათი ინფორმირება ხელს შეუწყობს მოსახლეობის ეკონომიკურ გაძლიერებას და ფერმერული უნარჩვევების განვითარებას. კონკრეტულად ჩვენს მედია ორგანიზაციაზე გეტყვით, რომ გვინდა ამ კვლევაზე დაფუძნებით შევქმნათ სპეციალური სტრატეგია, რომელიც დაგვეხმარება, რომ უკეთესი მედია პროდუქტი შევიმუშავოთ კონკრეტულად ამ სეგმენტისთვის და მივაწოდოთ მათ ბაზარზე ორიენტირებული და საინტერესო მედია პროდუქტი’’,– განუცხადა knews.ge-ს მაია მამულაშვილმა.
აუდიტორიის კვლევა თელავში, გურჯაანში, ლაგოდეხსა და ყვარელში შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ჩატარდა. კვლევის ფარგლებში, ასევე, გამოვლინდა აღნიშნულ ოთხ რაიონში არსებული პრობლემები.
,,კვლევის მიზანი იყო გაგვეგო სოფლის მეურნეობის საკითხებთან დაკავშირებით რეგიონში არსებული ვითარება. ასევე დაგვედგინა პრობლემები და საჭიროებები. ვფიქრობ, რომ კვლევის შედეგებმა ნათლად დაგვანახა, რა მიმართულებით გვაქვს მუშაობა ჩასატარებელი. მინდა აღვნიშნო, რომ ამ პროცესში მოსახლეობის ჩართულობა იყო აქტიური’’, – განუცხადა Knews.ge-ს კვლევის კოორდინატორმა ირინა ჯანდიერმა. 
სოციოლოგი სალომე თათულიშვილი ამბობს, რომ კვლევის მეთოდების გამოყენებით განისაზღვრა მოსახლეობის საჭიროება და ინფორმირებულობის დონე. 
,,კვლევა ჩატარდა იანვარ–თებერვლის პერიოდში. საველე სამუშაოები ჩავატარეთ იანვარში და შემდეგ შედეგები დავამუშავეთ. იმისთვის, რომ მიგვეღო უფრო მაღალი შედეგები და სანდოობა მეტი ყოფილიყო, გამოვიყენეთ შემთხვევითი შერჩევის პრინციპი და ინტერვიუ ფოკუს ჯგუფებში . გამოკითხვის შედეგად აღმოჩნდა, რომ სოფლის მეურნეობის საკითხებზე ინფორმაციის მიღება გამოკითხულთა მაღალ პროცენტს სურს. ვფიქრობ, რომ ამ კვლევის ჩატარება მნიშვნელოვანია და ის იქნება შედეგზე ორიენტირებული’’, – განუცხადა knews.ge–ს სალომე თათულიშვილმა. 
მოსახლეობის ინტერესების კვლევა განხორციელდა პროექტის ,,MOLI კახეთში“ ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს კახეთის რეგიონში სიღარიბის შემცირებას მეცხოველეობის სექტორის განვითარების ხელშეწყობით. პროექტი ხორციელდება ორგანიზაციის “HEKS EPER ოფისი სამხრეთ კავკასიაში“ მიერ შვეიცარიის მთავრობის მხარდაჭერით.
,,კვლევა ეხებოდა ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების განსაზღვრას თუ რომელი მედია საშუალებით: ტელევიზიით, რადიოთი, გაზეთით თუ რა ტიპის მედიით იღებენ ინფორმაციას და ასევე რა აინტერესებთ სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. რა თქმა უნდა ცენტრალური მედია საშუალებები უფრო წინ არიან, ვიდრე რეგიონული, მაგრამ ადგილობრივ მედიას მოსახლეობასთან პირდაპირი წვდომის ძალიან ძლიერი ბერკეტი აქვს. მოსახლეობა არის ინფორმირებული სხვადასხვა საკითხზე, თუმცა გარკვეულ სეგმენტებში და სექტორებში არ აქვს ზუსტი და სრული ინფორმაცია. აქედან გამომდინარე, კვლევამ აჩვენა, რომ მომხმარებელთან არც მედიას აქვს კარგი კომუნიკაცია. ეს შედეგები ყველა მხარეს დაანახებს, რომ ამ კუთხით უფრო გააქტიურდნენ და მდგრადი კომუნიკაცია ჰქონდეთ მომხმარებელთან’’,– განუცხადა knews.ge-ს პროექტის ,,MOLI კახეთში“ მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტმა, ნესტან მერმანიშვილმა.
ექსპერტები კვლევის მნიშვნელობაზე საუბრობენ და მიიჩნევენ, რომ ის ხელს შეუწყობს მოსახლეობის ინფორმირების დონის ამაღლებას და აგრო საკითხებით დაინტერესებული კომპანიების ინფორმირებას, თუ როგორ შესთავაზონ მოსახლეობას საკუთარი პროდუქცია. 
,,მსგავსი მიმართულების კვლევები რეგიონის მასშტაბით ნოვაციაა და არასოდეს არ ჩატარებულა. ვისურვებდი, რომ მსგავსი კვლევები ხშირად ჩატარდეს და უფრო ფართო საზოგადოება მოიცვას. კვლევის შედეგებმაც აჩვენა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ადგილობრივი მედიის როლი მოსახლეობის ინფორმირებაში. კარგია, რომ მოსახლეობა დაინტერესებულია, იყენებენ ტელევიზიას, ნაკლებად, მაგრამ მაინც კითხულობენ გაზეთს და იყენებენ ინტერნეტ სივრცეს. ვთვლი, რომ თელავის უნივერსიტეტის, სოფლის მეურნეობის სამინისტროს კახეთის წარმომადგენლობის და ასევე კახეთის რეგიონში მომუშავე მედია ორგანიზაციების ურთიერთთანამშრომლობა აღმოფხვრის ყველა პრობლემას და ამოავსებს იმ სიცარიელეებს, რაც ამ კვლევაში გამოიკვეთა.’’
ორგანიზაცია ,,მომავლის ფერმერის“ თავმჯდომარე, რუსუდან გიგაშვილი აღნიშნულ კვლევას აგროჟურნალისტიკის განვითარებისთის წინ გადადგმული ნაბიჯად აფასებეს. გიგაშვილი საკონსულტაციო–სამსახურების მუშაობის ხარვეზებზე საუბრობს და მიუთითებს, რომ მედიამ ამ მიმართულებით მოსახლეობის ინფორმირაზე უნდა იზრუნოს.
,,ყოველდღიურად ჩვენ ბევრი ფერმერი გვიკავშირდება, სჭირდება სხვადასხვა ტიპის ინფორმაცია, ეს იმაზე მიანიშნებს, რომ მათ ყოველდღიურად სჭირდებათ ინფორმაციის მიწოდება. სამწუხაროდ მედია აგრო მიმართულებით არ არის მრავალფეროვანი კონტენტით წარმოდგენილი და ესაჭიროება დახმარება. დონორი, რომელიც ამ საკითხით დაინტერესდა და მსგავსი კვლევის ჩატარების ინიციატივით გამოვიდა, იმედია გარკვეულ გაგრძელებას მოაყოლებს. რეგიონული მედია კი მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დგას, რომ უნდა აყვეს ამ ყველაფერს. ის, რაც კვლევაში გამოიკვეთა, რომ მოსახლეობა ინფორმაციულ ვაკუუმშია, თითოეული მედიის წარმომადგენლისთვის არის სიგნალი, რომ უფრო მეტად დაუთმონ ყურადღება აგროკონტენტს, რათა შევძლოთ ქვეყანაში აგრო საკითხებზე მოსახლეობის ინფორმირება. მედიას შეუძლია ამ მიმართლებაში ქვეყანაში შეცვალოს ფონი’’,– განუცხადა Knews.ge-ს რუსუდან გიგაშვილმა.