თუშეთში, გომეწრის ხეობაში მდინარე ალაზანზე ხიდი აშენდება
როგორც knews.ge–ს ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ, ვაჟა ნასყიდაშვილმა განუცხადა, ხიდის სამშენებლო სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაახლოებით 70 ათასი ლარი გამოიყოფა.
მისივე ინფორმაციით, ხიდის მშენებლობის პროექტს სპეციალისტები თუშეთთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზის გახსნის შემდეგ შეიმუშავებენ.
„საპროექტო სამუშაოები მას შემდეგ დაიწყება, რაც თუშეთის გზა გაიხსნება. აუცილებელია სპეციალისტები ავიდნენ გომეწრის ხეობაში და იმ მონაკვეთში, სადაც ხიდი უნდა აშენდეს, შეიმუშავონ პროექტი. ხიდის მშენებლობა სავარაუდოდ მიმდინარე წელს, სეზონის დასრულებამდე დასრულდება“, – განუცხადა knews.ge–ს ვაჟა ნასყიდაშვილმა.
გომეწრის ხეობაში, მდინარე ალაზანზე ხიდის აშენების მოთხოვნით სოფელ ზემო ალვანში მცხოვრებმა ალექსი არინდაულმა და ბესიკ ყიზილაშვილმა 2017 წლის 12 იანვარს ახმეტის საკრებულოში პეტიცია წარადგინეს. საკრებულომ დააკმაყოფილა მოსახლეობის წარდგენილი პეტიცია, რომელსაც 330 ამომრჩეველი აწერდა ხელს.
როგორც knews.ge–ს ალექსი არინდაულმა განუცხადა, თუშეთში, სოფელ ალისგორიდან წაროსკენ მიმავალი გზა გადის მდინარე ალაზანზე ე.წ. „გომეწრის“ მონაკვეთზე, რომელიც თითქმის მთელი წლის განმავლობაში ადიდებულია და ნებისმიერი ავტოტრანსპორტით გავლა შეუძლებელია. მისივე თქმით, მდინარის აღნიშნულ მონაკვეთზე კაპიტალური ხიდის მოწყობა თუშეთის სოფლების აღორძინებას და ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.