ახალი ამბები

პრეზიდენტი თელავის უნივერსიტეტის სტუდენტებს ხვდება

 საქართველოს პრეზიდენტი ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან და პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან ერთად,დღეს კამპანია „კონსტიტუცია ყველასია” ფარგლებში შეხვედრებს გამართავს თელავის სახელმწიფო უნივრსიტეტში და დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში.

ქვეყნის პირველი პირი კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით სტუდენტების და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების მოსაზრებებს მოისმენს.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ კამპანია მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საკონსტიტუციო კომისიას, როდესაც დაიწყებს საერთო სახალხო განხილვებს. ამ პროცესში უფრო აქტიურად ჩაერთვებიან საქართველოს მოქალაქეები და ჩვენ კიდევ ერთხელ გვინდა, საკონსტიტუციო კომისიას შევთავაზოთ სწორედ ჩვენი დახმარება საერთო სახალხო განხილვის პროცესში,“ – განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი აბაშიშვილმა.

პრეზიდენტის კამპანია ქვეყნის უზენაესი კანონის დამტკიცებამდე, ცვლილებების განხილვის პროცესში, საერთო სახალხო ჩართულობას გულისხმობს. პრეზიდენტი კამპანიის ფარგლებში ჩასვლას ყველა რეგიონში გეგმავს.