ახალი ამბები

თელავში აქცია “დაამსხვრიეთ შუშის ჭერი” გაიმართა

თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე თელავის ახალგაზრდულმა ცენტრმა აქცია სახელწოდებით “დაამსხვრიეთ “შუშის ჭერი” გამართა, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სკოლის მოსწავლეები ესწრებოდნენ.
აქციის მონაწილეების თქმით, “შუშის ჭერი” – ასე უწოდებენ იმ არსებულ უხილავ ბარიერებს, რომლებიც ხელს უშლიან ქალებს კარიერულ წინსვლაში.

აქციის ერთ–ერთი ორგანიზატორის, ირაკლი იაგორაშვილის განცხადებით, დღეს ქალებს უამრავი ბარიერი ექმნებათ კარიერაში და ხშირ შემთხვევაში ბოლომდე ვერ აღწევენ წარმატებას. მისივე თქმით, აუცილებელია ყველა მიმართულებით ქალების გააქტიურება, რადგან ისინი სამსახურებში პასუხსიმგებლობით და შრომისმოყვარეობით გამოირჩევიან.
“მიუხედავად ქალების ნიჭიერებისა და გონიერებისა, კარიერული წინსვლის მხოლოდ გარკვეულ ეტაპს აღწევენ, იკავებენ მენეჯმენტის შუალედურ რგოლს და ვეღარ წინაურდებიან. სწორედ ამ დროს ამბობენ, რომ ქალმა “შუშის ჭერს” მიაღწია და მეტად ის წინ ვეღარ წაიწევს. სწორედ ასეთი “შუშის ჭერი” უქმნის პრობლემას მათ მოღვაწეობას. ეს ძირირთადად იქმნება საზოგადოებისგან. ჩვენი მიზანი იყო, რომ დაგვენახებინა საზოგადოებისთვის, რომ ქალები ისევე წარმატებულები არიან, როგორც კაცები“, – განუცხადა knews.ge-ს ირაკლი იაგორაშვილმა.