ახალი ამბები

ფერმერთა ასოციაცია– კერძო სექტორი პროფესიონალი კადრების სიმცირეს განიცდის

აღნიშნული მოდელის შესახებ ფერმერთა ასოციაციამ თელავში გამართა საინფორმაციო შეხვედრა, რომელსაც კახეთში მოქმედი საწარმოების და მცირე ბიზნესის სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის, ნინო ზამბახიძის განცხადებით, კერძო სექტორში პროფესიონალი კადრების არარსებობის პრობლემაა. მისი განმარტებით, როდესაც კონკრეტული კომპანია იწყებს სერიოზულ საქმიანობას, ის პრობლემას აწყდება, რადგან ადგილზე არარსებობს შესაბამისი კომპეტენციის კადრი, რაც შემდგომში კომპანიის განვითარებაზეც აისახება. ამ ეტაპზე პროფესიული განათლების ახალი მოდელის შემუშავებაში ჩართულია ოთხი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულება- მათ შორის საზოგადოებრივი კოლეჯი „აისი“.

,,აღნიშნული მოდელი უზრუნველყოფს კერძო სექტორისთვის სოფლის მეურნეობაში ახალგაზრდების შემოდინებას, შრომის ბაზრის მოთხოვნის შესაბამისი კვალიფიციური კადრებით უზრუნველყოფას, სწავლის შედეგის შესაბამისად მოტივირებული სტუდენტების ჩართულობას კერძო სექტორის ფერმერული მეურნეობის პროცესში, რეგულარულად კადრების შევსება/ განახლებას, თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებას ნაკლები დანახარჯებით, პერსონალის გადამზადების თანხების დაზოგვას და სოციალურ პასუხისმგებლობას. დღეს სოფლის მეურნეობის სფეროში კადრების დეფიციტია, ამიტომ ამ პრობლემის მოსაგვარებლად მნიშვნელოვანია ერთობლივი მუშაობა და ჩართულობა, როგორც საზოგადოების, ასევე პროფესიული კოლეჯების და ასოციაციების. პროექტი საპილოტეა და ის ხელს შეუწყობს სამომავლოდ პროფესიული კადრების მომზადებას’’, – განუცხადა knews.ge-ს ნინო ზამბახიძემ.
პროექტი “სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება“ (სდს), საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებისა და პროფესიული განათლების რეფორმის პროცესში, საქართველოს ოთხ რეგიონში – სამეგრელოში, კახეთში, სამცხე-ჯავახეთსა და მცხეთა-მთიანეთში 2016 წლიდან ხორციელდება.