ახალი ამბები

ახმეტის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნება“ გაუქმდა

როგორც ფრაქციის თავმჯდომარემ, არჩილ მექვევრიშვილმა knews.ge–ს განუცხადა, ფრაქციის ერთ-ერთ წევრს, მამუკა ხოლეგაშვილს შეუწყდა საკრებულოს წევრის უფლებამოსილება, რაც გახდა პოლიტიკური დაჯგუფების დაშლის მიზეზი. 
„მამუკა ხოლეგაშვილმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში დაიწყო მუშაობა. ეს კი საკრებულოს წევრის სტატუსთან შეუთავსებელია. მას შემდეგ რაც ხოლეგაშვილი საკრებულოდან გავიდა, ფრაქციის შემადგენლობაში მხოლოდ 2 დეპუტატი დარჩა. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის თანახმად კი მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციაში სულ მცირე 3 წევრი უნდა იყოს გაერთიანებული. ფრაქცია „ქართული ოცნება“ ისევ დაიწყებს ფუნქციონირებას. საკრებულოს წევრი გახდება და ამავე დროს ფრაქციის შემადგენლობაში შემოვა მმართველი პარტიის სიით შემდეგი დეპუტატი, დავით დებისაშვილი. ფრაქციას სავარაუდოდ ისევ მე ვუხელმძღვანელებ“, – განუცხადა knews.ge–ს არჩილ მექვევრიშვილმა.
ამჟამად ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 7 ფრაქცია ფუნქციონირებს. 
ახმეტის წარმომადგენლობითი ორგანოს ფრაქცია „ქართული ოცნება“ 2014 წლის 22 აგვისტოს შეიქმნა. მის შემადგენლობაში შედიოდნენ: ფრაქციის თავმჯდომარე არჩილ მექვევრიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე გელა ჯუგაშვილი და იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე მამუკა ხოლეგაშვილი.