სტატიები

გურჯაანელმა ცოტნე ხაზიურმა გერმანიის ბაზარზე ღვინო და ჩურჩხელა გაიტანა

იგი გერმანიაში 2 წლის წინ სასწავლებლად წავიდა, ქართული პროდუქციის გერმანიის ბაზარზე გასატანად კი საჭირო ფინანსური რესურსის მოპოვება სხვადასხვა მცირე ბიზნესის დაწყებით მოახერხა.
ხაზიურს ბერლინში სასაწყობე მეურნეობა აქვს. როგორც ახალგაზრდა მეწარმის მამამ, გიორგი ხაზიურმა Knews.ge-ს განუცხადა, ცოტნემ ყველა სახის პროდუქციის ევროპის ქვეყნებში გატანის და წარმოების ლიცენზია მოიპოვა. 
,,ცოტნე ბერლინში, მაგისტრატურაში სწვლობს არქიტექტორ–დიზაინერის ფაკულტეტზე. საქართველოდან პროდუქცია რომ გაეტანა და საჭირო თანხა მოეგროვებინა, გახსნა სამრეცხაოები და ბევრი იმუშავა. ამაში მეც დავეხმარე და იმდენი თანხა გამოიმუშავა თავისით, რომ შეძლო ქართული პროდუქციის უცხოურ ბაზარზე გატანა,” – განუცხადა Knews.ge-ს გიორგი ხაზიურმა.
ცოტნე ხაზიურმა გერმანიაში, ასევე, ქართული კომპანია ,,Georgian production” ჩამოაყალიბა. ახალგაზრდა ბიზნესმენმა ქართული ტრადიციების, ღვინის დაყენების ტექნოლოგიის და გერმანიის ბაზარზე გასაყიდად გატანილი ღვინოების ისტორიის და დამზადების შესახებ ბროშურა გამოსცა. 
„გარკვეული რაოდენობის თანხის მოგროვების შემდეგ ცოტნემ გახსნა საკუთარი კომპანია ,,Georgian production” და ევროპის ქვეყნებში პროდუქტის შეტანის და წარმოების ლიცენზია აიღო. მე აქ მაქვს ღვინის ქარხანა და კომპანია შპს ,,ფაფრის მინდვრები“, ცოტნეს კი იქ თავისი კომპანია. მე ვაწარმოებ, ვასხავ ღვინოს, ვავლებთ ჩურჩხელას, ვაშრობთ ჩირს და ცოტნეს კომპანიას ვასყიდებ. პირველ ეტაპზე დავამზადეთ 2 000 ჩურჩხელა, 6 სახეობის ღვინო, ხურმის, ვაშლის, ლეღვის, კომშის ჩირები. ეს პროდუქცია პატარა სუპერმარკეტებში უკვე იყიდება, მალე შევიტანთ დიდ სუპერმარკეტებშიც, ამისთვის ცოტნე მოლაპარაკებებს აწარმოებს,’’– აღნიშნა ხაზიურმა. 
მეწარმის მტკიცებით, ის იძულებული გახდა, ბიზნესსაქმიანობა გერმანიაში გაეგრძელებინა, რადგან ბიზნესის გასაფართოვებლად და წარმოების გასაზრდელად საფინანსო ორგანიზაციაბემა დაბალპროცენტიანი კრედიტით სარგებლობის შესაძლებლობა არ მისცეს.
„მე ყველა ბანკთან ვიყავი მოლაპარაკებაზე, რომ სესხი მოეცათ. 50 000 დოლარი არცერთმა ბანკმა არ მოგვცა, მიუხედავად იმისა, რომ დიდი რაოდენობის უძრავი ქონება გვაქვს და წელიწადში მარტო დღგ–ს სახით 200 000 ლარს ვიხდით ბიუჯეტში. იაფიანი კრედიტიც არ მომცეს ბანკებმა, რომ დამემზადებინა რაც შეიძლება მეტი პროდუქტი და გერმანიაში გამეყიდა. პრობლემა არის არა სახელმწიფოში, არამედ ზოგადად საბანკო სისტემაში, ისინი სესხს აძლევენ მხოლოდ იმათ, ვინც გადახდის უუნაროა, რომ შემდეგ სახლებიდან გამოყარონ. ჩირის საშრობი რომ მქონდეს, შევისყიდიდი აქ ადგილობრივებისგან ხილს, დიდი რაოდენობით დავამზადებდით პროდუქციას და გავიტანდით გერმანიაში. ჩვენ საქართველოს, ტრადიციებს, კულტურას და ქართულ პროდუქტს პოპულარიზაციას ვუწევთ,’’– განაცხადა გიორგი ხაზიურმა.
ბიზნესმენი სამომავლოდ წარმოების გაფართოვებას, ხილის ჩირის საშრობების და ჩურჩხლის გასავლები დანადგარების შეძენას აპირებს. ის გეგმავს ბერლინში ქართული ტრადიციით ამოავლოს ჩურჩელა, რომლის ნახვის საშუალებაც ყველა ტურისტს თუ ადგილობრივს ექნება.