სტატიები

თუშმა ახალგაზრდამ გუდის ყველი ამერიკის ბაზარზე გაიტანა

როგორც კოოპერატივი „ალაზნისთავის“ დამფუძნებელმა გიორგი აბულაძემ knews.ge-ს განუცხადა, პროდუქცია სხვა ქვეყნების ბაზარზეც გაიყიდება. ამჟამად მოლაპარაკება მიმდინარეობს ისრაელთან და რუსეთთან.
,,დღემდე თითქმის ტონანახევარი ყველი უკვე გავიდა ნიუ იორკის ბაზარზე და ეხლაც გადის. მოვიძიეთ კონტაქტები და შემდგომში შუამავალი ექსპორტიორი კომპანია დაგვიკავშირდა და ასე გავიტანეთ პროდუქცია. ამ ეტაპზე მოლაპარაკება გვაქვს ისრაელთან, სადაც უახლეს პერიოდში ჩვენი ყველის პირველი პარტია უკვე შევა. შემოდგომიდან კი ვგეგმავთ ჩვენი პროდუქცია აუცილებლად გავიტანოთ რუსეთში. მოლაპარაკება უკვე მიმდინარეობს“, – აცხადებს knews.ge-სთან გიორგი აბულიძე.

ფერმერი ირწმუნება, რომ გუდის ყველი ტრადიციული მეთოდით თითქმის აღარ მზადდებოდა, ამიტომ გაჩნდა მისი წარმოების იდეა.
,,ჩვენ მიერ ნაწარმოები ოთხივე სახეობის ყველი უვნებელი და უსაფრთხო პროდუქტია, სურსათის უვნებლობის ყველა სტანდარტს ვაკმაყოფილებთ. ამ ეტაპზე მასიურ წარმოებაზე ვერ ვისაუბრებთ, რადგან ადგილი, სადაც ყველს ვაწარმოებთ, ელემენტარული პირობა არ არსებობს, როგორიცაა კომუნიკაცია, ელექტროენერგია, ტრანპორტირება და სხვა. ერთი სახეობა არის ცხვრის რძისგან წარმოებული გუდის ტრადიციული თუშური ყველი, მეორე ძროხის რძისგან დამზადებული ყველი, რომელიც ცხვრის ტყავისაგან დამზადებულ გუდაში ინახება და ორი სიახლე შემოვიტანეთ. ჩვენ, ჩოგის წარმოების ტრადიციაც აღვადგინეთ, რომელიც საკმაოდ დიდი მოწონებით სარგებლობს. ჩოგი არის ცხვრის რძისგან დამზადებული მდნარი ყველი“, – ამბობს გიორგი აბულიძე.

თუში ფერმერი აღნიშნავს, რომ გუდის ყველი ქართული ყველის სახეობებიდან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დავარაგებული ყველის სახეობაა. მისივე განცხადებით, კოოპერატივი მომხმარებლებს პოლიეთილენის პარკებში დაფასოებულ ყველსაც სთავაზობს.
,,ყველის უნიკალობას განაპირობებს ყველის დამზადების ტექნოლოგიიდან, რომელიც რძის გაწურვის ეტაპიდანვე იწყება. რძე იფილტრება სხვადასხვა სამკურნალო ბალახეულობაში და შემდეგ ამოყვანილი ყველის მომწიფება ხდება 60 დღის განმავლობაში გუდაში. გარდა ამისა, ხაზი გასმული აქვს პროდუქტის ნატურალობას. ამ ადგილის გარდა, სხვაგან ეს ყველი იმავე გემოვნური თვისებებით ვერ დამზადდება. ეს ყველაფერი განპირობებულია ალპური და სუბალპური საძოვრებიდან მიღებული რძის ხარისხიდან. დავარგებული ყველის კუთხით ტრადიციულ ყველებს შორის არცთუ მდიდარი არჩევანი გვაქვს“, – აცხადებს ახალგაზრდა ბიზნესმენი.

კოოპერატივი ,,ალაზნისთავი“, სადაც ოთხი სახეობის ყველს ამზადებენ, თუშეთში, გომეწრის ხეობაში, ბოლო სოფლიდან 15 კილომეტრის დაშორებით, ზღვის დონიდან 2100 მეტრზე, მდებარეობს. ტერიტორია მიუვალია და პროდუქტის ტრანსპორტირება მხოლოდ ცხენებით არის შესაძლებელი.
,,2015 წელს ჩამოვაყალიბეთ კოოპერატივი ,,ენპარდის“ დაფინანსებით. ავაშენეთ ტრადიციული თუშური გუდის ყველის პირველი თანამედროვე სტანდარტების საწარმო. ჩვენთან დასაქმება სეზონურია. რაც შეეხება საწარმოს წარმადობას, პირველი წელი იყო და ვაწარმოეთ 5 ტონა ცხვრის ყველი, შემდეგი 3 წლის განმავლობაში იგეგმება წარმოების მოცულობის 15 ტონამდე გაზრდა“, – აღნიშნავს ფერმერი.

ადგილობრივ ბაზარზე გუდის ყველის შეძენა ევროპროდუქტის ქსელშია შესაძლებელი. 1 კგ ცხვრის ყველის ღირებულება დაახლოებით 26 ლარია, ხოლო ძროხის – 20 ლარი. 
,,ოთხივე სახის გუდის ყველი განსხვავებული შემადგენლობითა და გემოვნური თვისებებით გამოირჩევა. აქედან 2 სახეობას თითქმის არავინ აღარ აწარმოებდა. დღეს ბაზარზე გუდის ყველის 95% ფალსიფიცირებული პროდუქტია, შესაბამისად ვცდილობთ ტრადიციების შენარჩეუნებას. საწარმოში გვყავს, როგორც მსხვილფეხა, ასევე წვრილფეხა პირუტყვი და ჩვენივე საქონლის რძისგან ვამზადებთ პროდუქციას“, – ამბობს knews.ge-სთან აბულიძე.

ფერმერის ინფორმაციით, კოოპერატივი მუშაობს თუშური ყველის გუდაში დამზადების საკითხის არამატერიულ ძეგლად აღიარებაზე. ორგანიზაციამ ამისათვის პირველი ნაბიჯები უკვე გადადგა და შედეგსაც ელის.