სტატიები

შესაძლო ბულინგი გურჯაანის ერთ–ერთ სკოლაში – დირექტორს მოსწავლეზე ზეწოლაში ადანაშაულებენ

10 წლის სალომეს დედა 16 თებერვლის დილას იხსენებს, როდესაც შვილი სკოლაში გააცილა და მოულოდნელად მოესმა დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ყვირილი. ის ირწმუნება, რომ დირექტორს მის შვილს უმიზეზოდ დაუყვირა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ამავე დროს პანდუსით სარგებლობის უფლება აუკრძალა. მშობლის განმარტებით, მარიამს რთული ოპერაციული მკურნალობა ჩაუტარდა და ექიმებმა გოგონას 2 კილოგრამზე მეტი სიმძიმის ტარება აუკრძალეს. 
„ჩემს შვილს აქვს გადატანილი მძიმე ოპერაცია და სჭირდება მეორეც. მას არ შეუძლია სიმძიმის აწევა. სპეციალურად როლიკებიანი ჩანთა ვუყიდე. ერთ–ერთ დილას ვიდექი ქუჩაში და ჩემს შვილს ვაცილებდი. როდესაც ჩემი შვილი ადიოდა კიბეზე, გავიგე დირექტორი როგორ უყვიროდა, მაგრამ ვერ გავარჩიე სიტყვები. სალომე რომ სკოლიდან დაბრუნდა, ვცადე საკითხში გარკვევა. ჩემმა გოგონამ მითხრა, რომ დირექტორი მას უყვიროდა, რადგან პანდუსის დახმარებით აჰქონდა ჩანთა. დირექტორმა ჩემი შვილი უკან დააბრუნა და უყვირა, რომ ეს არ იყო მისთვის განკუთვნილი გზა. შემდეგ ჩემი მეუღლე დირექტორთან მივიდა და მშვიდად აუხსნა, რომ ბავშვმა გადაიტანა მძიმე ოპერაცია და არ შეიძლება, რომ ჩანთა ხელით ატაროს. ჩემი მეუღლის სკოლიდან წამოსვლის შემდეგ ორივე შვილი (უმცროსი მესამე კლასში სწავლობს) გაკვეთილებიდან გამოიყვანა და უყვირია, ვინ მიუტანა მამათქვენს ამბავი, თქვენი ტარტარა ენის გამო პრეტენზიით მოვიდაო. ჩემს შვილს სკოლაში მისვლა არ სურს, დირექტორის ეშინია. ამის შემდეგ მე და ჩემი დედამთილი მივედით დირექტორთან, რათა მშვიდად დავლაპარაკებოდი. მან მიყვირა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენა, ინტრიგანი და მოგზავნილი მეძახა. მე დავემუქრე და ვუთხარი, რომ სასამართლოში გიჩივლებ მეთქი“, – განუცხადა knews.ge–ს მოსწავლის მშობელმა. 
მისივე მტკიცებით, სკოლის დირექტორი ხშირად მის შვილს და რამდენიმე მოსწავლეს სასწავლო პროცესის მიმდინარეობის დროს სკოლის დერეფნისა და ეზოს დასუფთავებას აიძულებს. მოსწავლის მშობლისთვის გაუგებარია, რატომ აქვს აგრესიული დამოკიდებულება დირექტორს მისი შვილის მიმართ.
„დირექტორის კაბინეტის წინ ბავშვებს უჭამიათ ლობიანები. საგაკვეთილო პროცესიდან გამოიყვანა ჩემი შვილი და იმ ადგილის დაგვა აიძულა. ეს ფაქტი არ არის ერთადერთი. ჩვენ სკოლასთან ახლოს ვცხოვრობთ. თავად დავინახე, როგორ გამოიყვანა სალომე, კიდევ სამი სხვა მოსწავლე და ეზოს უკანა მხარეს „პამპერსებს“ აკრეფინებდა“.
სკოლის დირექტორი კატეგორიულად უარყოფს მის მიმართ წყენებულ ბრალდებებს. მისი განმარტებით, პანდუსი გაყინული იყო და მოსწავლეს შენობაში სხვა მხრიდან შესვლა ურჩია. დირექტორი, ასევე, ირწმუნება, რომ მშობელმა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და სასწავლო პროცესი ჩაშალა. 
„როდესაც ზარი დაირეკა, ეს ბავშვი მაშინ მოვიდა სკოლაში. პანდუსის მხარე გაყინული იყო. მე ვუთხარი, რომ კიბის მეორე მხარეს არ არის მოყინული დ აქედან ამოდი მეთქი. მე სხვა სიტყვები არ მითქვამს, მითუმეტეს არ დამიყვირია ბავშვისთვის. ისიც ტყუილია, რომ მე ბავშვი გამოვიყვანე და ენაჭარტალა ვეძახე. არც მშობლისთვის მიმიყენებია სიტყვიერი შეურაცხყოფა. ის თავად მომივარდა სკოლაში, მიყვირა და სასწავლო პროცესი ჩაშალა. ეს ცილისწამებაა. ისიც ტყუილია, რომ მე ბავშვებს ვაიძულებ სკოლის ტერიტორიის დასუფთავებას. რეგიონის მასშტაბით ჩატარდა დასუფთავების აქციები, რომელშიც ჩვენც მივიღეთ მონაწილეობა. მოსწავლეები საგაკვეთილო პროცესიდან არ გამომიყვანია“, – განუცხადა Knews.ge–ს სკოლის დირექტორმა.
მოსწავლის მშობელმა, რომ სასწავლო პროცესი ჩაშალა ადასტურებს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროპკავშირის გურჯაანის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, რომელიც საკითხის გარკვევას კონფლიქტში მონაწილე ორივე მხარესთან შეეცადა. ესმა არსენიშვილი ვერ აკონკრეტებს, მიაყენა თუ არა სიტყვიერი შეურაცხყოფა დირექტორმა მოსწავლეს. 
„სკოლის დირექტორმა მითხრა, რომ დილით მოსულ ბავშვი თავისი ჩანთით ადიოდა პანდუსზე, რომელიც იყო მოყინული. დირექტორმა ურჩია ბავშვს, რომ იმ მხარეს არ ასულიყო, ჩანთაც კი ჩამოართვა და აიყვანა. მამის მოსვლის სემდეგ კიდევ დამატებით შენიშვნები მისცა, რატომ ილაპარაკე შვილო, მეზობლები ვართ და ერთმანეთს ხომ არ უნდა გადაგვკიდოო. დირექტორთან მივიდა მოსწავლის დედა, რომელიც იყო გაბრაზებული. პედაგოგები ადასტურებენ, რომ მან ჩაშალა სასწავლო პროცესი. დედამ მაღალი შეგნება გამოავლინა და სასწავლო პროცესის ჩაშლის გამო მოიხადა ბოდიში. ჩემი ინფორმაციით, მომხდარის შესახებ იციან განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში“, – აღნიშნავს ესმა არსენიშვილი. 
გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრში აცხადებენ, რომ მშობლის მიმართვის შემთხვევაში საკითხს შეისწავლიან. დალი მინდიაშვილის განცხადებით, თუ ბავშვის უფლება დაირღვა, რეაგირების მოსახდენად განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართავს. 
მშობელი ალექსანდრე ჯეჯელავას უწყებას სთხოვს, ყველა ღონისძიება გაატაროს, რათა აღნიშნულ სკოლაში მოსწავლის უფლებები მაქსიმალურად იყოს დაცული.