ახალი ამბები

GRMA შეშფოთებას გამოთქვამს „გურია NEWS“ ის მიმართ განხორციელებული კიბერშეტევის გამო

ამის შესახებ ნათქვამია ასოციაციის განცხადებაში, რომელიც 21 თებერვალს გავრცელდა. “გურია NEWS“ ამ ასოციაციის წევრია.

როგორც მედიასახლი “გურია NEWS“ ოფიციალურად აცხადებს,  21 თებერვალს, გამთენიისას, ჰაკერებმა გატეხეს “გურია ნიუსის” ვებგვერდი, წაშალეს ყველა ინფორმაცია და ბაზები. ჰაკერშტევა მედიასაშუალების წინააღმდეგ ერთ კვირაზე მეტია მიმდინარეობს. დაინტერესებული პირების თუ ჯგუფის მასირებული შეტევა ბაზების, ინფორმაციის, ვების სტრუქტურის განადგურებით დასრულდა.

მცირე რესურსების მქონე მედიასაშუალებისთვის, რომელიც უკვე 25 წელზე მეტია, თავდაუზოგავი შრომით, თავგანწირვით, პროფესიული ერთგულებით ცდილობს შემორჩეს მედიაბაზარს, ეს  ძალიან დიდი დარტყმაა.

მედია სახლის “გურია ნიუსის“ გამომცემელის, ია მამალაძის განცხადებით, ისინი  ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ განახლებული ვებგვერდი მკითხველ აუდიტორიას, მაქსიმალურად მოკლე დროში დაუბრუნდეს. 

“საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია” მიმართავს ყველა სამართალდამცავ, სახელმწიფო სტრუქტურას, პირველ რიგში, კიბერუსაფრთხოების სამსახურს, ვისაც ევალება ამგვარი დანაშაულის პრევენცია, გამოძიება, ერთხელ მაინც ამ ქვეყანაში უზრუნველყონ უსაფრთხოების, სამუშაო გარემოს, საკუთრების დაცვის, მედიის განვითარების ფუნდამენტური უფლებები და გამიძიონ მომხდარი დანაშაული!