ახალი ამბები

გურჯაანში „კახეთი-იონის“ სამედიცინო ცენტრში C ჰეპატიტის კაბინეტი გაიხსნა

ღონისძიებას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია, კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი, გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი, ადგილობრივი თითმმართველობის წარმომადგენლები, „კახეთი-იონის“ ვიცე-პრეზიდენტი ჟაკ სიმარი, ბურგუნდიის საბჭოს წევრი და სამედიცინო ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე ერიკ ჟანწი ესწრებოდნენ.
სამედიცინო ცენტრის გახსნის შემდეგ, სტუმრები „კახეთი-იონის“ მუშაობის პროცესს გაეცნენ და შესაბამისი აპარატურით აღჭურვილი სამედიცინო კაბინეტები დაათვალიერეს.
როგორც knews.ge-ს გურჯაანის მაჟორიტარმა დეპუტატმა, დავით სონღულაშვილმა განუცხადა, მნიშვნელოვანია, რომ ადგილზე პროგრამის ბენეფიციარები დიაგნოსტირების და მკურნალობის კომპონენტებს მიიღებენ. მისივე ინფორმაციით, ის მოქალაქეები, რომლებიც ჩაერთვებიან C ჰეპატიტის პროგრამაში, უფასოდ ჩაუტარდებათ შიდსის გამოკვლევები.
,,ამით ჩვენ საფუძველს ვუყრით ყველაზე საშინელი დაავადების დამარცხებას. C ჰეპატიტს, მთელ მსოფლიოში “ჩუმ მკვლელს” უწოდებენ, იმის გამო, რომ დაავადება სიმპტომების გარეშე ვითარდება. ამიტომ ჩვენი მიზანია მისი პრევენცია დროულად განხორციელდეს. დღეს საქართველო C ჰეპატიტის გავრცელების სტატისტიკით, მსოფლიოში მეორე ადგილზეა. ჯამში, ვირუსით კი დაახლოებით 200 000 ადამიანი, ანუ საქართველოს მთლიანი მოსახლეობის 6.7%-ია ინფიცირებული. ეს საკმაოდ სავალალო მაჩვენებელია ჩვენნაირი პატარა ერისთვის. სწორედ ამიტომაც ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ და დავეხმაროთ ჩვენს მოსახლეობას, გამოიკვლიონ და დაავადების დადგენის შემთხვევაში, რამდენიმე ასობით ათასი დოლარის სანაცვლოდ, იმკურნალონ მინიმალური დანახარჯით. ვიმედოვნებ, რომ ახლო მომავალში ჩვენ ამ დაავადებას თუ საერთოდ ვერ გავაქრობთ, მნიშვნელოვნად შევამცირებთ მაინც და ეს ჯანდაცვის სფეროში მსოფლიოს მასშტაბით უპრეცედენტო მოვლენა იქნება’’, – განუცხადა Knews.ge-ს დავით სონღულაშვილმა.
აღნიშნული პროგრამა ამერიკული ფარმაცევტული კომპანია ‘Gilead’-ის ხელშეწყობით ხორციელდება.