ახალი ამბები

ახმეტაში „აგრო არომა“ ეთერზეთების წარმოებას იწყებს

ახმეტაში წარმოებული ეთერზეთები, რომელიც კოსმეტიკაში გამოიყენება, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ბაზრებზე გაიყიდება.
კომპანიის დირექტორის ზურაბ ნაცვლიშვილის ინფორმაციით, აღნიშნული პროექტის ღირებულება დაახლოებით 1 მილიონი დოლარია და საწარმოში, სადაც 30-მდე ადამიანი დასაქმდება, წლიურად 6 ტონა ეთერზეთისა და 1 000 ტონა საკვების წარმოება იგეგმება. მისივე განცხადებით, პროდუქცია ბაზარზე შემოდგომზე გამოჩნდება.
„დასუფთავდა ტერიტორია, დასრულდება მისი მოწყობაც და გავხსნით საწარმოს. ეთერზეთები, რომლის წარმოებასაც ვაპირებთ, 100%-ით ექსპორტზე იქნება ორიენტირებული. პირველ ეტაპზე ეთერზეთები მხოლოდ ქინძის თესლისგან დამზადდება. ნედლეულს კი ადგილობრივი ფერმერებისგან შევიძენთ. პროდუქციის გატანას საფრანგეთში, გერმანიაში, ინგლისსა და ავსტრიაში ვგეგმავთ. რაც შეეხება ცხოველების, ფრინველებისა და თევზის საკვებს, ეს პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზეა გათვლილი“, – აცხადებს ნაცვლიშვილი.
საწარმო ნედლეულს ადგილობრივი ფერმერებისგან ჩაიბარებს და ევროკავშირის ქვეყნებში საწარმოებს მიაწვდის, რომლებიც სხვადასხვა ეთერზეთებთან დამუშავების შემდეგ პროდუქციას კოსმეტიკურ, ფარმაცევტულ კომპანიებს გადასცემენ. ამის შემდეგ კომპანიები საბოლოო საცალო პროდუქტს გამოუშვებენ სუნამოს, კოსმეტიკის, საყოფაცხოვრებო ქიმიის სახით.