ახალი ამბები

თელავში აღდგომის სახელობის ახლადაშენებული ტაძარი იკურთხა

ტაძრის კურთხევის დასრულების შემდეგ ალავერდის ეპარქიის მღვდელმთავარმა დეკანოზ რაჟდენ თანდილაშვილთან, მღვდელ გიორგი ლაზარიაშვილთან და მღვდელ კონსტანტინე პაპალაშვილთან ერთად სადღესასწაულო წირვა აღავლინა. საღმრთო ლიტურგიას კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. წირვის დასრულების შემდეგ მეუფე დავითმა ქადაგებით მიმართა მრევლს. ალავერდელმა მიტროპოლიტმა აღნიშნა, რომ აღდგომის სახელობის ტაძარი ქალაქის ახალდაგახსნილი სასაფლაოს დამამშვიდებელი და გამამშვენებელია.

„შეიძლება ითქვას, რომ ეს ტაძარი არის ახლადგახსნილი სასაფლაოს დამამშვიდებელი და გამამშვენებელი. დამამშვიდებელია იმიტომ, რომ ბევრი ჭირისუფალი მოდის, ღვთისაგან ითხოვს შეწყალებას და შეწევნას გარდცვლილი სულების მიმართ, ითხოვს სიმხნევეს უფლის მიმართ, რომ თითოეულ მათგანს მიმადლოს აღდგომის დაურსრულებელი სიხარული. ეს დიდებული ტაძარი ბევრი ადამიანის გულში ნაფიქრის ამოთქმული განხორციელებული ფიქრი და ოცნებაა“, – აღნიშნა მეუფე დავითმა. 

აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა ტაძრის არქიტექტორი მღვდელი კონსტანტინე ეპარქიის სიგელით დააჯილდოვა. ეპარქიის სიგელი მეუფე დავითმა, ასევე, გადასცა ადგილორივ ბიზნესმენს შოთა დემინაშვილს, რომლის შემოწირულობით ტაძრის მშენებლობას საფუძველი სამი წლის წინ ჩაეყარა. 

„ამ დიდ შრომაში დიდი ღვაწლი მიუძღვის ტაძრის ხუროთმოძღვარს, მღვდელ კონსტანტინე პაპალაშვილს. მინდა მამაო დავაჯილდოვო ეპარქიის სიგელით იმ შრომისათვის, რაც მან გასწია. ამ შრომის სულის ჩამდგმელი, განმახორციელებელი არის ადამიანი, რომელმაც დიდი ტკივილით, ღვთისადმი დიდი სიყვარულით გადადგა ეს ნაბიჯი. სიგელს გადავცემ აღდგომის ტაძრის აღმაშენებელსა და შემამკობელს ბატონ შოთა დემინაშვილს“, – აღნიშნა მეუფე დავითმა. 

 ტაძარში ღვთისმსახურებას დღეიდან დეკანოზი რაჟდენი, მღვდელი გიორგი და მღვდელი კონსტანტინე აღასრულებენ.