სტატიები

ფერმერები და მევენახეები შხამქიმიკატების უხარისხობაზე ჩივიან

,,წელს ძალიან ძვირი დაგვიჯდება მიწის და საკარმიდამო ნაკვეთების დამუშავება. არც მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის პროექტი გაგრძელდა. როგორ უნდა შევძლოთ არსებობა, ვინც სოფელზე ვართ დამოკიდებული. ყველაზე დიდი პრობლემა შხამქიმიკატებია, უხარისხოა და ძვირი. წინა სეზონზე ვენახები მასიურად გაუფუჭდა ხალხს, ასევე ატამი და სხვა ხეხილი. ფულს ვიხდით, ვყიდულობთ და ხარისხიანი პესტიციდები მაინც იყოს. მაგალითად ატამს, ვენახს რამდენიმე შეწამლით მეტი სჭირდება, მაგრამ შედეგს ვერ ვიღებთ. ბანკის ვალს ვიღებთ და ისე ვყიდულობთ სასუქებს, ზოგს განვადებით გამოაქვს იმის იმედად რომ მოსავალს გავყიდით. არც პროდუქცია მოდის და გვრჩება ვალები გადასახდელი. წლიდან წლამდე მოსახლეობის ოჯახური მდგომარეობა უარესდება, იძულებულია ხალხი მიწები გაყიდოს”, – განუცხადა knews.ge-ს

თელავის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა ფემერმა გოგი ბადურაშვილმა.
სამთავრობო პროგრამა სოფლად მცხოვრები მცირემიწიანი ფერმერების ხელშეწყობას ითვალისწინებდა. ფერმერებს შესაძლებლობა ჰქონდათ, “აგრო ბარათით“ შეეძინათ სასუქები, სათესლე, სანერგე მასალა, მცენარეთა მოვლის საშუალებები როგორც ერთიანად, ისე ნაწილ–ნაწილ.
,,ისედაც ძალიან გვიჭირს მიწის დამუშავება, ვინ გაწვდება ამდენ ხარჯს, სასუქი, შხამქიმიკატები, საწვავი, მორწყვა და სხვა ძალიან ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი. შხამქიმიკატებსაც ნაწილობრივ ვყიდულობდით ამ ბარათით, ძალიან გაგვიჭირდება.”, – განუცხადა knews.ge-ს გურჯაანის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა გოჩა ზარდიაშვილი.

სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ პესტიციდების და აგროქიმიკატების შესახებ საქართველოს კანონმდებლობა მაქსიმალურად დაუახლოვდა ევროკავშირის კანონმდებლობას. 
,,ჩვენ მუდმივად ვიხილავთ, როგორ ავიცილოთ თავიდან უხარისხო და ფალსიფიცირებული აგროქიმიკატების იმპორტი და რეალიზაცია. მნიშვნელოვანია მუდმივი კომუნიკაცია აგროსექტორში დასაქმებულ ადამიანებთან, რათა მათ ჰქონდეთ სრული ინფორმაცია საკანონმდებლო მოთხოვნებისა და იმ პრეპარატების შესახებ, რომელთა ეფექტიანობაზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მოსავლის ხარისხი და, შესაბამისად, ფერმერის შემოსავალი“, – განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, აგროქიმიკატების შეძენისას ყურადღება მიაქციოს ტარას, რომლის ეტიკეტზეც ინფორმაცია განთავსებული უნდა იყოს ქართულ ენაზე; პრეპარატები უნდა იყოს დაფასოებული. 

უხარისხო, ფალსიფიცირებული და საეჭვო პრეპარატების შეძენის თავიდან ასაცილებლად, სააგენტოს მცენარეთა დამცველები ფერმერებს ურჩევენ, პესტიციდები შეიძინონ სპეციალიზებულ მაღაზიებში, სადაც მიიღებენ კვალიფიციურ კონსულტაციას პრეპარატების გამოყენებასა და მოსავლის მოყვანასთან დაკავშირებით. 

პესტიციდების მოხმარებისა და რეალიზაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია შემდეგ მისამართზე http://nfa.gov.ge/uploads/other/5/5413.pdf