ახალი ამბები

თუშეთის მოსახლეობა ახმეტის საკრებულოს გომეწრის ხეობაში ხიდის აშენებას სთხოვს

როგორც knews.ge–ს ალექსი არინდაულმა განუცხადა, თუშეთში, სოფელ ალისგორიდან წაროსკენ მიმავალი გზა გადის მდინარე ალაზანზე ე.წ. „გომეწრის“ მონაკვეთზე, რომელიც თითქმის მთელი წლის განმავლობაში ადიდებულია და ნებისმიერი ავტოტრანსპორტით გავლა შეუძლებელია. მისივე თქმით, მდინარის აღნიშნულ მონაკვეთზე კაპიტალური ხიდის მოწყობა თუშეთის სოფლების აღორძინებას და ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს. 
„უგზოობის პრობლემა ძალიან სერიოზულ სირთულეებს უქმნის ადგილობრივ მოსახლეობას. მდინარე ალაზნის ამ მონაკვეთზე, სადაც აუცილებელია ხიდის აშენება, საქონლის გადაყვანა შეუძლებელია. კლდიან მონაკვეთზეა გადასასვლელი, სადაც საქონელი ვერ გადადის. გარდა ამისა, ალაზანი ადიდებულიც რომ არ იყოს, ამ მონაკვეთზე მანქანით შეუძლებელია გადასვლა. ახლოს არის სოფელი დადიკურთა, რომელიც ზაფხულშიც გარესამყაროს მოწყვეტილია, რადგან ხიდი არ არის. ხიდის არ არსებობს ტურისტებსაც სერიოზულ პრობლემებს უქმნის. ვიზიტორები მდინარის ადიდების გამო ამ მონაკვეთზე ვერ გადადიან და უკან ბრუნდებიან. ეს ხელს უშლის ტურიზმის განვითარებას. აუცილებელია, რომ ეს ხიდი იყოს სულ მცირე 6-7 ტონის ტვირთმედეგობისა“, – განუცხადა knews.ge–ს ალექსი არინდაულმა. პეტიციას 330 ამომრჩეველი აწერს ხელს. 
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატმა წარდგენილი პეტიცია უკვე დაარეგისტრირა. წარმომადგენლობითი ორგანოს ინფორმაციით, ე.წ. „გომეწრის ალაზანზე“ ხიდის აშენების საკითხს საკრებულოს დეპუტატები რიგგარეშე სხდომაზე განიხილავენ. სხდომის ჩატარების თარიღი ჯერჯერობით უცნობია.