ვიდეორეპორტაჟი

გურჯაანელი მეწარმე 12 სახეობის ყველს საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ამზადებს

სამი წლის წინ მეწარმემ ააშენა რძის საწარმო, რომელიც სხვადასხვა სახის აუცილებელი დანადგარით არის აღჭურვილი. ამ ეტაპზე მას აქვს ძროხების მცირე ფერმა, აწარმოებს 12 სახეობის ყველს, სულგუნს და მაწონს, რომელსაც ადგილობრივ ბაზარზე ყიდის.

,,სამი წელია ვცდილობ, მოვიკიდო ფეხი ადგილობრივ ბაზარზე. ამ კუთხით მხარში გვიდგას და ფინანსურად გვეხმარება პროექტი ,,MOLI კახეთში“. როდესაც მუშაობა დავიწყეთ, არ გვქონდა მანქანა-მაცივარი და მათი დახმარებით შევიძინეთ, რაც ჩვენი საქმიანობის გაგრძელებისთვის მნიშვნელოვანი. გარდა ამისა, ფერმერებთან მუშაობის გაუმჯობესების კუთხით, ვაწარმოებთ სიმინდ და ვამზადებთ სილოს. აქაც ,,მოლის“ დახმარებით  შევიძინეთ სილოსის ასაღები აგრეგატი. წელს მივიღეთ პირველი მოსავალი და შევძელით სლოსის დამზადება. რაც მთავარია ჩვენ შევძელით წარმოებაში HACCP-ის სისტემა დაგვენერგა. სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ხშირად გვამოწმებენ. საწარმო ნორმებს უნდა ექვემდებარებოდეს და სახელმწიფოს მოთხოვნებს აკმაყოფილებდეს. ამ ეტაპზე სურსათის უვნებლობის სამსახურიდან გვაქვს დროებითი აღიარება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია,”- ამბობს მიხეილ მათიაშვილი. 

მეწარმე მზა პროდუქციის რეალიზაციასთან დაკავშირებულ პრობლემებზე საუბრობს. მისი მტკიცებით, პრობლემას ქმნიან არარეგისტრირებული საწარმოები და მეწარმეები, რომლებიც პროდუქციას ყოველგვარი დანახარჯის გარეშე ამზადებენ და ადგილობრივ ბაზარზე დაბალ ფასად ყიდიან. ის, ასევე, რეგისტრირებული მეწარმეების არათანაბარ პირობებში ყოფნაზე მიუთითებს და აღნიშნავს, რომ ისინი და ვეღარ ახერხებენ ხარისხიანი პროდუქციის რეალიზაციას, რის გამოც ხშირად ბევრი საწარმო იხურება.

რეგისტრირებული მეწარმეების პრობლემების დროულად მოგვარების აუცილებლობაზე საუბრობს ორგანიზაცია ,,მომავლის ფერმერის“ თავმჯდომარე რუსუდან გიგაშვილი. მისი განმარტებით, დარეგისტრირებული რძის მწარმოებელი ფერმერები მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგანან, რადგან მათ გარკვეული რეგულაციების დაკმაყოფილება მოუწიათ და დიდი ინვესტიცია ჩადეს ბიზნესში, თუმცა  ბაზარი მათთვის საკმაოდ არაკონკურენტუნარიანი აღმოჩნდა.

,,ჩემი აზრით, სახელმწიფომ ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას არარეგისტრირებული მეწარმეების გასაკონტროლებლად. ამით მომხმარებელთა უფლებებიც ირღვევა, რადგან კახეთში ბაზრის ნახევარს სწორედ არარეგისტრირებული მეწარმეები შეადგენენ. ამიტომ მნიშვნელოვანია ფორუმზე გაჟღერებული საკითხები გადაიჭრას ოპერატიულად. ვფიქრობ, სახელმწიფო უწყებებს შორის უნდა იყოს მეტი კომუნიკაცია და კოორდინაცია, რომ გარკვეული ეფექტი გვქონდეს. თუ ეს პრობლემები არ გადაიჭრება, მეწარმეები იძულებული იქნებიან, შეაჩერონ წარმოება და გადავიდნენ იატაკქვეშეთში’’, – აცხადებს რუსუდან გიგაშვილი.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ რძის გადამამუშავებელი მეწარმეების პრობლემების მოგვარებაზე მუშაობა უკვე დაწყებულია. მინისტრის მოადგილის, იური ნოზაძის ინფორმაციით, სამინისტროში შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომელიც აღნიშნულ საკითხებზე მუშაობს და მათ მიერ იდენტიფიცირებულია ამ დარგში არსებული ყველა პრობლემა.

,,ვგეგმავთ, შევიმუშავოთ დარგის განვითარების პროგრამა, რომელსაც წარვუდგენთ მთავრობას, მივიღებთ შესაბამის რეკომენდაციებს და დავიწყებთ ამ პრობლემების მოგვარებას. ამას მარტო ჩვენი უწყება ვერ მოახერხებს, სხვა უწყებებთანაც ვმუშაობთ ამ საკითხზე და კეთილი ნება არისრომ მალე მოვაგვაროთ შექმნილი პრობლემები. ჩემი აზრით, პირველ რიგში მთავარია,მოგვარდეს ის მსხვილი პრობლემები, რომლებიც მეცხოვლეობის დარგშია დაგროვილი“,  – განმარტავს იური ნოზაძე.

მეწარმეს საერთაშორისო სტანდარტების დანერგვაში ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმარებიან. ისინი ცდილობენ, რომ წარმოებაში სურსათის უვნებლობის ახალი, თუმცა ბევრ ქვეყანაში აპრობირებული სტანდარტები დანერგონ.

მიხეილ მათიაშვილი სამომავლოდ საწარმოს გაფართოებასა და სხვადასხვა სახის რძის ნაწარმის დამზადებას გეგმავს.