სტატიები

იანვრიდან პურის ეტიკეტირებაზე კონტროლი მკაცრდება

სოფლის მეურნეობის და სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ქეთევან ლაფერაშვილი განმარტავს, რომ ახალი რეგულაციები სავარაუდოდ, ფქვილზე ფასის მატებას არ გამოიწვევს. 
,,იანვრიდან ძალაში შედის საქართველოს მთავრობის დადგენილება 376, რომელიც 2015 წლის 27 ივნისს დამტკიცდა – ეს არის ხორბლის ფქვილის ტექნიკური რეგლამენტი. პირველი იანვრიდან შეძენილ ფქვილზე უნდა იყოს ეტიკეტი განთავსებული, სადაც მომხმარებელს შეეძლება იხილოს რა ფქვილს ყიდულობს, როგორია მისი ხარისხი – არის ექსტრაფქვილი, უმაღლესი ხარისხის, მეორე ხარისხის, პირველი ხარისხის თუ სხვა. ტექნიკური რეგლამენტის შემოღებამ ფასების გაძვირება არ უნდა გამოიწვიოს – ის, რაც იყო ბაზარზე, რჩება და ასევე, სწორად და მართებულად იქნება რეგულირებული. პურის მწარმოებლებს არ ექნებათ პურის შეფუთვის ან მასზე ეტიკეტის დატანის ვალდებულება. როდესაც საწარმოდან გამოდის პური, უნდა მოყვებოდეს დოკუმენტი, სადაც პროდუქტის მახასიათებლები იქნება მითითებული, ხოლო პურის მაღაზიები, დახლზე მისი დადების შემდეგ ვალდებული იქნებიან მიუთითონ, თუ რომელი რა პურია, რას შეიცავს და სხვა”, – განმარტავს ქეთევან ლაფერაშვილი.
პურზე ფასის ზრდას გამორიცხავდა სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი ოთარ დანელია ჯერ კიდევ გასულ წელს. იგი განმარტავდა, რომ პროდუქტი იყოს უვნებელი და ეტიკეტზე დატანილი ინფორმაცია შეესაბამებოდეს შიგთავსს.
,,ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს, რომელი ხარისხის ფქვილისგან არის გამომცხვარი პური, ხოლო პურის შიგთავსი სრულად უნდა შეესაბამებოდეს ეტიკეტზე მითითებულ შემადგენლობას. არსებობს სტანდარტი, რომლის თანახმადაც, კონკრეტული წარმადობის პირობებში, მეწარმემ განსაზღვრული რაოდენობის პური უნდა გამოაცხოს. ახლა კი მწარმოებლები ერთმანეთს ეჯიბრებიან რაც შეიძლება მეტი პურის წარმოებაში. ამ სფეროში კონკურენციის არაჯანსაღი პირობებია: ვიღაც საღებავს ამატებს პურს, ვიღაც რაღაც ახალ ტექნოლოგიას იგონებს, ვიღაც კი საფუარში რაღაცას ურევს. რა თქმა უნდა, ვიცით, რა სირთულეებთან არის დაკავშირებული პურის ტექნიკური რეგლამენტის შემოღება. ამიტომაც გვინდა, ერთი მხრივ, ხელი შევუწყოთ მეწარმეებს, მაგრამ მოვთხოვოთ ხარისხიანი პურის წარმოებაც. რაც შეეხება ფქვილის რეგლამენტს, ის გულისხმობს ეტიკეტირების წესის, ტრანსპორტირებისა და შენახვის წესის დაცვას, რათა ეს პროდუქტი იყოს უვნებელი და ეტიკეტზე დატანილი ინფორმაცია შეესაბამებოდეს შიგთავსს”, – აცხადებდა ოთარ დანელია.
პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარე მალხაზ დოლიძეს განცხადებით, პურის ეტიკეტირება მნიშვნელოვანია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია პროდუქტის ხარისხის ასამაღლებად.
,,ბევრმა ადამიანმა წამოიწყო პურის ბიზნესი, შესაბამისად, გაჩნდა ბევრი პური და ეტიკეტი. მნიშნელოვანია, რომ ყურადღება მიექცეს წარმოებაში პურის ხარისხს. ეტიკეტირების პროვინციალიზმი უნდა დასრულდეს. ახალი რეგულაციების შედეგად, მომხმარებელი იქნება ინფორმირებული რას ყიდულობს და დაცული. ეტიკეტირება საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა, რაც ხარჯებთან არის დაკავშირებული. ერთი ტომარა ფქვილის ფასი გაძვირდა 4-5 ლარით, მაგრამ თუ ამ სფეროში საბაზრო ეკონომიკა იმუშავებს, ფქვილის ფასები დიდად არ გაიზრდება”, – ამბობს მალხაზ დოლიძე.
სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, ყველა მწარმოებელი ვალდებულია მომხმარებელს მიაწოდოს ინფორმაცია, თუ რას შეიცავს ესა თუ ის პროდუქტი. 2017 წელის პირველი იანვრიდან კი გამონაკლისი არც პური იქნება, შეფუთულს ქართულ ენაზე სპეციალური ეტიკეტი დაეტანება, ხოლო შეუფუთავის შემადგენლობა პურის რეალიზაციის ადგილას იქნება მითითებული.
,,მოგეხსენებათ, რომ პური არის ერთ-ერთი ძირითადი მოხმარების სურსათი ჩვენს ბაზარზე. შესაბამისად, მწარმებელი ვალდებულია, მოახდინოს ეტიკეტირება. თუ პური შეფუთული არ არის, უნდა ახლდეს შესაბამისი ინფორმაცია, რომელიც მომხმარებელს მისცემს წარმოადგენას თუ რა პროდუქტს ყიდულობს,” – განმარტავს სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე კახა სოხაძე.
სააგენტოსვე ინფორმაციით, პურისა და პურპროდუქტების სახელმწიფო კონტროლი განხორციელდება როგორც წარმოების, ასევე რეალიზაციის ეტაპზე. იმ შემთხვევაში თუ დარღვევა გამოვლინდება ბიზნესოპერატორები დაჯარიმდებიან.
რაც შეეხება პურზე ფასის მატებას, რამდენიმე დღის თელავისა და კახეთის რეგიონის რამდენიმე ქალაქის ზოგიერთ სასურსათო მაღაზიასა და მარკეტში, პურის ფასმა 10 თეთრით მოიმატა. მაღაზიის გამყიდველები ვარაუდობენ, რომ ფასი პურის ყველა სახის პროდუქტზე მოიმატებს.
,,ფქვილი უკვე გაძვირდა და პურის ფასი იგივე დარჩება? ავტომატურად მოიმატებს ფასები მაღაზიებსა და საცხობებშიც. გარდა პურისა, დანარჩენი ყველაფერი ძვირდება”, – აცხადებს სასურსათო მაღაზიის გამყიდველი ცისანა მეგრელიშვილი.
პროდუქცია შესაძლოა, მცირე საცხობებმა და თონეებმაც გააძვირონ. თონის მეპატრონეები პირად საუბარში აცხადებენ, რომ ხორბლის ფასი გაიზარდა, ხოლო მარაგი, რომლითაც დღემდე პურის ფასს ინარჩუნებდნენ, ამოიწურა.
,,პურის გაძვირება არ იგეგმებოდა, თუმცა ლარის კურსის ცვლილებამ ფქვილზე ზეგავლენა იქონია, რადგან ნედლეულს დოლარში ვყიდულობთ და ადგილზე ლარებშია ანგარიშსწორება. ამას ემატება საწვავზე ფასის ზრდაც”.