ახალი ამბები

თელავის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით ფოტოსურათების გამოფენა-კონკურსი გაიმართა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალის საჯარო სკოლის მოსწავლეების მიერ გადაღებული ფოტოსურათების გამოფენა-კონკურსი ქალაქ თელავის თეატრის მისაღებ დარბაზში გაიმართა. 
ღონისძიების ორგანიზატორების განცხადებით, მოსწავლეებმა ფოტოსურათები „რაიონში არსებული გადაუჭრელი პრობლემების” თემაზე გადაიღეს და კადრებზე მათი თვალით დანახული სოფელი „ყარაჯალა“ აღბეჭდეს. 
მათივე თქმით, კონკურსის მიზანს წარმოადგენდა ახალგაზრდების თვალით დანახული რაიონში არსებული პრობლემების გამოვლენა და პროკურატურის მხარდაჭერით პრობლემის სწორი ადვოკატირება. 
,,სპეციალურმა ჟიურიმ გამოავლინა კონკურსში გამარჯვებული ფოტოები, რომლებშიც თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორი შოთა სარია, ფოტოხელოვანი შოთა ბინიაშვილი, მოწვეული ფსიქოლოგი მაკა ინანაშვილი და თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლი იასე გაგნიძე შედიოდნენ. პირველ სამ ადგილზე გასულ კონკურსანტებს სერტიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები, ხოლო გამოფენა-კონკურსში მონაწილე ყველა მოსწავლეს კონკურსში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ”, – განაცხადეს თელავის რაიონულ პროკურატურაში.
ღონისძიება პროექტ „საზოგადოებრივი პროკურატურის“ ფარგლებში ჩატარდა და მიზნად ისახავს მოზარდებში საგამოძიებო ორგანოს მიმართ ნდობისა და სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლებას.